პოლიტიკა

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი იმ მჭიდრო თანამშრომლობის გამოხატულებაა, რომელიც ორ ქვეყანას შორის წარმატებულად ვითარდება - დავით ზალკალიანი

18.10.21 16:20


18 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, ივან კორჩოკს შეხვდა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს და მჭიდრო პარტნიორობას და განიხილეს, როგორც ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული მიმართულებებით ურთიერთობების განვითარებას, რაშიც, მინისტრების შეფასებით დიდ როლს შეიტანს საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესს ფორუმი, რომელიც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მიმდინარეობს.

 

„დღეს სლოვაკეთიდან ასევე ვმასპინძლობთ წარმომადგენლობით ბიზნესდელეგაციას და მივესალმებით ქართულ-სლოვაკურ ბიზნესს ფორუმს, რომელიც დღეს თბილისში იმართება. ცხადია, რომ საქმიან წრეებს შორის კავშირების განმტკიცება კიდევ უფრო გააფართოებს ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ორი ქვეყნის ურთიერთობებში“, - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას, საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე, როგორც შეხვედრის შემდგომ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, დავით ზალკალიანმა განაცხადა მნიშვნელოვანია სამიტზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მნიშვნელობას და დიფერენცირებული მიდგომების აუცილებლობას იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც აქვთ მეტი მისწრაფება და პროგრესი ამ გზაზე.

 

დავით ზალკალიანმა სლოვაკ კოლეგას საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერისა და სლოვაკეთის მიერ საქართველოში სხვადასხვა სექტორის განვითარებისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„სლოვაკეთის განვითარების თანამშრომლობის სტრატეგიაში, საქართველო პრიორიტეტული ქვეყანაა, რაც ჩვენი გამორჩეული ურთიერთობების მორიგი ნათელი დადასტურებაა“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

შეხვედრაზე ყურადღება, ასევე, გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. განსაკუთრებით აღინიშნა უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციის“, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, ასევე, გატაცებისა და უკანონო დაკავებების ფაქტები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა სლოვაკ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე.

 

აღინიშნა, რომ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

 

„ძალზე ფასეულია, რომ სლოვაკეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. სლოვაკეთს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობაში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

შეხვედრაზე ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა აღნიშნეს ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებისა და მაღალი დონის შეხვედრების ტრადიციის გაგრძელების მნიშვნელობა.

 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ივან კორჩოკი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები