პოლიტიკა

პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

20.10.21 10:30


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს ხავიერ კოლომინას შეხვდა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა ხავიერ კოლომინას ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელად დანიშვნა მიულოცა და მომავალი მჭიდრო ურთიერთობის გაგრძელებისათვის მზადყოფნა გამოთქვა.

 

შეხვედრისას, რომელიც ორბელიანების სასახლეში ჩატარდა, საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალური მდივნის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ადამიანთა უკანონო გატაცებებს, ჯანდაცვის სერვისებსა და ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას, მშობლიური ენაზე სწავლების აკრძალვას და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკითხებს ეხება.

 

პრეზიდენტის განცხადებით, მაღალი დონის ვიზიტები და ნატოს მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები საქართველო - ნატოს მჭიდრო ურთიერთობებზე მეტყველებს. შეხვედრისას საუბარი შეეხო ნატოს მომავალი სამიტის მნიშვნელობას საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესში.

 

საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ მდგომარეობას, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და ამ მიმართულებით ალიანსთან სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობებს. ხავიერ კოლომინას განცხადებით, ალიანსისათვის მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილურობა. პრეზიდენტის თქმით, რეგიონული სტაბილურობისთვის და შავი ზღვის უსაფრთხოებისათვის ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირის ჩართულობით სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით ერთობლივი პროექტების განხორციელება.

 

ხავიერ კოლომინა მიესალმა საქართველოს ხელისუფლების აქტიურ ჩართულობას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში.

 

მხარეებმა ისაუბრეს აშშ - საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დადებულ ახალ მემორანდუმზე და ხავიერ კოლომინამ აღნიშნული შეთანხმების დადება საქართველოსთვის მნიშვნელოვან წარმატებად შეაფასა.

 

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა საქართველოს 19-20 ოქტომბერს სტუმრობს.

ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრა, სადაც მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ არსებული ვითარება გააცნო და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები