პოლიტიკა

თბილისის მერიის ბენეფიციარი სტუდენტებისა და სტიპენდიანტების რაოდენობა 2021 წელს გაორმაგდა

20.10.21 17:00


2021 წლიდან, სწავლის გადასახადის დაფინანსება ორჯერ მეტი სტუდენტისთვის არის შესაძლებელი. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

 

„2018-2020 წლებში 3500-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს დაუფინანსდა სწავლის სემესტრული საფასური. 2021 წელს, ჩვენ გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ დაფინანსების წესში და შეიძლება ითქვას, რომ გავაორმაგეთ დასაფინანსებელთა რაოდენობა. გარდა ამისა, წარჩინებული  მაგისტრანტებისთვის გვაქვს მერიის სემესტრული სტიპენდია, რომელიც 2018-2020 წლებში 900-მდე სტუდენტმა მიიღო. გარკვეული ცვლილებების შეტანის შემდეგ, 2021 წლიდან ეს რიცხვიც გაორმაგდა და 2021 წლის განმავლობაში ჯამში 1000-მდე სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ეს ფინანსური წახალისება. ეს არის ახალგაზრდების ხელშეწყობა და თანადგომა, რომ მათ თავიანთი განათლებით, თავიანთი წარმატებებით ემსახურონ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერმა ზოგადად, ქვეყანაში სტუდენტების დაფინანსების მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზეც ისაუბრა.

 

„ზოგიერთი ოპონენტი ცდილობს, მოსახლეობა შეიყვანოს შეცდომაში, მოატყუოს, თუმცა, ჩვენ ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. რომ შევადაროთ რიცხვები, უცხოეთში გასული სტუდენტებისა და პერსონალის რაოდენობა 2007-2012 წლებში იყო 574. 2013-2021 წლებში 8100-ზე მეტი ადამიანი იყო წასული უცხოეთში სასწავლო ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სახელმწიფოს დაფინანსებით“,  - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერმა ასევე ხაზი გაუსვა ამ საკითხებისადმი ოპონენტების დამოკიდებულებას.

 

„სახელმწიფო ყოველწლიურად, დაახლოებით 900-მდე ბავშვს უშვებს დაფინანსებით უცხოეთში. ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი თბილისელ სტუდენტებს პირდება ამ რიცხვის ცხრაჯერ შემცირებას. აქაც კარგად გამოიხატება მათი მიდგომა ამ ქალაქთან მიმართებაში, რომ საერთოდ არაფერი არ გაეგებათ. პროგრამაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მთელი საარჩევნო კამპანია აგებული იყო ბოროტებაზე, სიძულვილის ენაზე, შეურაცხყოფაზე. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში საუბრობდნენ ჩვენზე. თან როგორ, სიძულვილის ენით, შეურაცხყოფით, ოჯახზეც გადავიდნენ. ახლა კი პირდებიან, რომ უცხოეთში წამსვლელი სტუდენტების რაოდენობა ცხრაჯერ შეამცირონ. ეს არის მათი რეალური სახე“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები