პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდნენ

22.11.21 17:00


ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ირლანდიის პარლამენტის (ოირახტასი) ქვედა პალატის თავმჯდომარე შონ ო’ფარელს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების პირობებში.

 

საუბარი ასევე, შეეხო ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში მიმდინარე პროცესებს, უსაფრთხოების კუთხით შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას.

 

შონ ო’ფარელმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ირლანდია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და მზად არის ევროინტეგრაციის პროცესში გაუწიოს დახმარება. იგი მიესალმა საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესსა და ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ირლანდიის უპირობო მხარდაჭერა.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების მიმართულებით, ასევე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების ხელშეწყობის მიმართულებით და ამ მიზნით კონკრეტულ ნაბიჯებს დაგეგმავენ.

 

ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ირლანდიის რესპუბლიკის პარალმენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ხელაშვილი და ასევე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირლანდიის რესპუბლიკაში, გიორგი ზურაბაშვილი მონაწილეობდნენ.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები