ანალიტიკა

სეპარატიზმის გარე მხარდაჭერით გამოწვეული ქაოსი  არის რუსეთისთვის დამღუპველი ხაფანგი

24.11.21 12:40


რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ყოფილმა თანაშემწემ და 2020 წლის თებერვლამდე აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დონბასის ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების სეპარატისტთა „კურატორმა“ ვლადისლავ სურკოვმა კიდევ ერთი „პროგრამული“ სტატია გამოაქვეყნა გამოცემაში „აქტუალური კომენტარები“.

ამით ის ფაქტობრივად „ამართლებს“ კრემლის ქაოსისა და არასტაბილურობის ზონების შემქმნელ და სეპარატისტული რეჟიმების მხარდამჭერ აგრესიულ პოლიტიკას  პოსტსაბჭოთა სივრცეში, როგორც „იმპერიული ინსტინქტების“ ერთგვარ გამოხატულებას.  ამას ის თავად რუსეთის ინტერესებითა და მასში „შიდა სტაბილურობით“ ხსნის.

 

სტატიის სათაურია «სად გაქრა ქაოსი? სტაბილურობის გახსნა».

 

გთავაზობთ ამონარიდს: „... სოციალური ენთროპია მეტად მომწამლავია. სახლის პირობებში ამ კუთხით მუშაობა არ არის რეკომენდებული. ის სადმე შორს უნდა გავიტანოთ. საექსპორტოდ უცხო ტერიტორიაზე უტილიზაციისათვის.

 

ქაოსის ექსპორტირება ახალი სულაც არ არის. დაყავი და იბატონე უძველესი რეცეპტია. განშორება ქაოსის სინონიმია. გააერთიანეთ საკუთარი + დაშალეთ სხვები = და თქვენ მართავთ ორივეს. შინაგანი დაძაბულობის განმუხტვა (რასაც ლევ გუმილიოვი ბუნდოვნად უწოდებდა პასიონარულს) გარეგანი გაფართოების გზით.

რომაელები იქცეოდნენ ასე. ასე იქცეოდა ყველა იმპერია. საუკუნეების მანძილზე რუსული სახელმწიფო თავისი მკაცრი და ნაკლებმოძრავი პოლიტიკური ინტერიერით, გადარჩა მხოლოდ საკუთარი საზღვრების დაუღალავი სწრაფვის წყალობით. მას დიდი ხანია დაავიწყდა, როგორ უნდა გადარჩეს და დიდი ალბათობით არასოდეს იცოდა, როგორ გადარჩენილიყო სხვა გზებით. რუსეთისთვის მუდმივი ექსპანსია არ არის მხოლოდ ერთ-ერთი იდეა, არამედ ეს არის ჩვენი ისტორიული არსების ნამდვილი ეგზისტენციალი.

 

იმპერიული ტექნოლოგიები დღესაც ეფექტურია, როდესაც იმპერიებს ზესახელმწიფოები ეწოდათ. ყირიმის კონსენსუსი მეზობელ ქვეყანაში არსებული ქაოსის გამო საზოგადოების კონსოლიდაციის ნათელი მაგალითია. ბრიუსელისა და ვაშინგტონის საჩივრები მოსკოვის ჩარევის შესახებ, რუსეთის მონაწილეობის გარეშე მსოფლიოში მნიშვნელოვანი კონფლიქტების მოგვარების შეუძლებლობა აჩვენებს, რომ ჩვენმა სახელმწიფომ არ დაკარგა თავისი იმპერიული ინსტინქტები...“

 

სურკოვის აზრით რუსეთისთვის მუდმივი ექსპანსია „ჩვენი ისტორიული არსების ნამდვილი ეგზისტენციალია“. ამასთან, რატომღაც მას ავიწყდება, რომ როდესაც რუსეთის იმპერია და იგივე სსრკ გაფართოვდა, ისინი დემოგრაფიული აღმავლობით ხასიათდებოდნენ. რუსეთის მოსახლეობას (90% გლეხური ქვეყანა) ნამდვილად სჭირდებოდა ახალი მიწები.

 

რომელ გაფართოებაზე შეიძლება ახლა საუბარი, როდესაც ძირძველი რუსეთი იღუპება, როდესაც ათასობით და ათითასობით სოფელი მიტოვებულია რუსეთის რეგიონებში, როდესაც შემცირდა რუსეთის მოსახლეობა თუ არ ჩავთვლით მიგრანტების შემოდინებას, შობადობაზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი წელიწადში 1 მილიონით გადაჭარბების გამო?

 

რუსეთი ფლობს მიწის ფართობის 1/7-ს და წარმოუდგენელ რესურსებს, ხოლო მოსახლეობა მასში ნაკლებია ვიდრე საცოდავ  ბანგლადეშში? განა აშკარა არ არის, რომ ასეთი პოპულაციის პირობებში (თანაც დაბერებული) უნდა იფიქრო არა გაფართოებაზე არამედ იმის შენარჩუნებაზე რაც გააჩნია და მის რაციონალურ გამოყენებაზე.

 

დიახ და რუსეთის პასიონარ ხალხს, სასურველია მოუფრთხილდნენ და არა კონფლიქტებში "გამოიყენონ", "ქაოსის ექსპორტირებისას", როგორც ამისკენ სურკოვი უბიძგებს. ისინი ჯერ შეიძლება გამოდგნენ.

 

რუსეთის მტრებსა და არაკეთილმოსურნეებს კი რუსეთის ხელისუფლებაში "სასარგებლო იდიოტები"  და პროვოკატორები სჭირდებათ, რომლებიც უზარმაზარ ქვეყანას გეოპოლიტიკურ ხაფანგში აგდებენ. ცხადია, რომ რაც უფრო მეტ ძალას ხარჯავს რუსეთი ქაოსისა და არასტაბილურობის შექმნასა და შენარჩუნებაზე საზღვრების პერიმეტრზე ან მათგან შორს (მაგალითად სირიაში) მით ნაკლები ძალა და შესაძლებლობა ექნება მას დაიცვას ის, რაც აქვს; და საერთოდ, შეინარჩუნოს სახელმწიფო მთლიანობა ისტორიის მკვეთრ მონაცვლეობაში.

 

1917 წლამდე რუსები უკვე ოცნებობდნენ კონსტანტინოპოლზე და სრუტეებზე. ამ ოცნებებს აძლიერებდნენ დასავლელი „მოკავშირეები“, რომლებიც ოცნებობდნენ რუსეთის გაძარცვაზე. შედეგად, რუსებმა თითქმის დაკარგეს ქვეყანა, ჩაძირეს იგი რევოლუციებში და ხანგრძლივ ძმათამკვლელ სამოქალაქო ომში. და ამ ომის შემდეგ იგივე "ამერიკელმა ბურჟუებმა", რომელიც მიზერულ ფასად აფინანსებდნენ არეულობას, მიიღეს უმდიდრესი კონცესიები რუსეთის ტერიტორიაზე და იქიდან უზარმაზარი რესურსები ამოიღეს. ახლა სურკოვის მაგვარნიც მოუწოდებენ რუსეთს „გაფართოებისკენ“ და ვერ აცნობიერებენ, რომ სწორედ ამას ელიან მისი „კეთილმოსურნეები“, რათა საბოლოოდ დაასრულონ და „დაშალონ“ ქვეყანა.

 

უცნაურია, მაგრამ თავის სტატიაში სურკოვი პირდაპირ წერს, რომ დღევანდელ მსოფლიოში გლობალიზაცია და ინტერნაციონალიზაცია ჩაანაცვლებს მრავალპოლარულობას. სწორედ ეს "დაფარავს ამ ბუნდოვან მრავალპოლარულობას".

 

”და რუსეთი მიიღებს თავის წილს მიწების ახალ გლობალურ მიწათგანაწილებაში (უფრო სწორად, სივრცეებში), რაც მის გლობალიზატორის სტატუსს გაამყარებს, როგორც ეს მოხდა მესამე რომის ან მესამე ინტერნაციონალის ეპოქაში”, - წერს სურკოვი.

 

სწორედ ასე დაჰპირდნენ რუსეთს „წილს“ პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც ის იყო ბევრად  ძლიერი და განუზომლად გავლენიანი  დღევანდელ რუსეთის ფედერაციასთან შედარებით. საბოლოოდ მოხდა ის, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ.

 

გლობალისტურ ტენდენციებს სულაც არ განსაზღვრავენ მოსკოვში. მაშინ რატომ უნდა მიეცეს რუსეთს "წილი", სადაც ბანგლადეშზე ნაკლები მოსახლეობაა? იმიტომ რომ ბირთვული იარაღი აქვს? მაგრამ ეს ხომ უკვე აღარ არის არგუმენტი, რადგან დღეს ის აქვს პაკისტანსაც და ისრაელსაც და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი გამოიყენებენ მას მომავალ ომში, როგორც მეორე მსოფლიო ომში, მაგალითად ვერავინ გაბედა დაგროვილი ქიმიური არსენალის გამოყენება.

 

ვინ მისცემს რუსეთს ახლა „წილს“, როცა იგი ფაქტობრივად სრულიად ექვემდებარება იმავე გლობალისტებს? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეშვეობით, ეს ნამდვილად ასეა. მართლაც, რუსეთის ფედერაციაში შემოღებულია „ანტიკოვიდური“ ზომები, მათი ეკონომიკისა და უსაფრთხოების საზიანოდაც  კი, და ბევრად უფრო მკაცრია ვიდრე სხვა ქვეყნებში, რომლებიც არ აცხადებენ პრეტენზიებს „ზესახელმწიფოებაზე“.

 

დიდი ალბათობით, ისეთი სურკოვის მსგავსი პროვოკატორების,  ისევე როგორც კრემლში მყოფი მისი სოლიდარული ძალებისა, მიზანია, რომ რუსეთმა საბოლოოდ დაარღვიოს საერთაშორისო პრინციპები, რომლებიც მას თავად იცავს. უპირველეს ყოვლისა, საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპი, რათა შემდგომ  შესაძლებელი გახდეს თავად რუსეთის "წილებად" დაყოფა.

 

საინტერესოა, რომ სტატიაში ვლადისლავ სურკოვი თითქმის პირდაპირ მიუთითებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ქაოსის შექმნის მთავარ მოსარგებლეზე. ის წერს:

 

„...სხვადასხვა არეულობის ყველაზე დიდ მთესველზე მსოფლიო პოლიტიკურ ბაზარზე სწორედ შეერთებული შტატებია. უნდა აღინიშნოს (და გასაკვირი არ არის), რომ საფირმო ამერიკული არასტაბილურობა ძალზე რენტაბელურია და ფენომენალური მოთხოვნით სარგებლობს. შეერთებული შტატები ანაზღაურებს თავისი სურეალისტური ბიუჯეტის ველურ დისბალანსს დოლარის ირაციონალური ემისიით, რომელიც დიდი ხანია არ არის იმდენად ფული, რამდენადაც ფინანსური ენთროპიის საზომი ერთეული, ქაოსის ვირუსი, რომელიც ავრცელებს ეკონომიკური ბუშტების, დისბალანსების და არაპროპორციულობის პანდემიას მთელს პლანეტაზე.

„ფერადი“ რევოლუციებისა და აღმშენებლობითი ომების ექსპორტი, რომელიც თითქოს შეჩერებულია, მყისიერად განახლდება, როგორც კი პოტენციური იმპორტიორები ცოტათი მოდუნდებიან.  ექსპერიმენტული ეთიკა made in USA ქარიშხალივით გადაუვლის აფრიკელებს, აზიელებს და ჩვენს ევრაზიელებს  და არყევს ტრადიციონალისტთა გაუნათლებელ გონებას. ნაწილობრივ მოჩვენებითი აღშფოთება, რომლითაც მას აქ ხვდებიან, როგორც ჩანს, მძაფრი ცნობისმოყვარეობის მეორე მხარეა და მხოლოდ ადასტურებს, რომ მას ახასიათებს ძლიერი წებოვნება, რომელიც შერწყმულია ძლიერ დეფორმაციულ ეფექტთან...“

 

ვლადისლავ სურკოვი, ფაქტობრივად იძლევა პასუხს, რომ საბოლოოდ აშშ ისარგებლებს „რუსეთიდან არასტაბილურობისა და ქაოსის ექსპორტით“. უფრო მეტიც, ამერიკელებს შეუძლიათ მარტივად შეცვალონ ეს „ქაოსის ექსპორტი“ და მოაქციონ იგი  რუსეთის საზღვრებში.

 

ბოლოს და ბოლოს ეს ხომ რუსეთში მოქმედებენ პროამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციები და არა პრორუსულები -  შეერთებულ შტატებში. სწორედ აშშ-ში იწვრთნებოდა რუსეთის ფედერაციის მთავარი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი და არა ამერიკელი პროპაგანდისტები რუსეთში. სწორედ ამერიკულ ბანკებში აქვთ ანგარიშები რუს ოლიგარქებსა და პოლიტიკოსებს და არა პირიქით.

 

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის ყველა მეზობელი არის უნიტარული. და რუსეთი კი არის ფედერაცია, რომელშიც ორ ათეულზე მეტი ეროვნული სუბიექტია; პარლამენტებით, კონსტიტუციებით, მთავრობებით და შინაგანი სუვერენიტეტის უზარმაზარი ხარისხით. უფრო მეტიც, "კოვიდ ეპოქაში" რუსეთში რეგიონების ძალაუფლება ზოგადად უპრეცედენტო გახდა. ყველანაირ შეზღუდვას ისინი აწესებენ და არა ცენტრალური ხელისუფლება.

 

ახლა კი წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც რუსეთში იზრდება რეგიონების „ავტონომიზაცია და მუნიციპალიზაცია“ (და ეს უკვე რეალობაა!), ხოლო სურკოვები „რუსეთისეულ არაიმპერიას“ მოუწოდებენ გაფართოებისა და ახალი ომების გასაჩაღებლად... იქნება „გამარჯვებები“, შესაძლოა, ურა-პატრიოტულმა ისტერიამ (როგორც 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოში და „კრიმნაშმა“) ჩაახშონ შიდა პრობლემები...

 

 მაგრამ ვინ თქვა, რომ რუსეთს მიეცემა უფლება მოიპოვოს ახალი "გამარჯვებები"? ვინ თქვა, რომ ისეთი „სტრატეგიების“ მიდრეკილებები, როგორიც არის სურკოვი, მკაცრად არ „მოიკვეთებიან“? ბოლოს და ბოლოს, ერთადერთი რაც მათ იციან, ისაა თუ როგორ უნდა "გაფლანგონ" რუსეთის ბიუჯეტის ფული გაუმაძღარ სეპარატისტ ლიდერებთან და კლანებთან ერთად. თუმცა იმ ფულით, რაც იგივე სურკოვს გამოეყო სეპარატისტული ტერიტორიებისთვის, იგივე აფხაზეთისთვის და ცხინვალის რეგიონისთვის, შესაძლებელი გახდა რეალური „კეთილდღეობის ზონის“ შექმნა.

 

მათი, ვინც მხოლოდ „ელიტარული“ ქურდობა იცის, გარედან მანიპულირება ძალიან ადვილია. მით უმეტეს, თუ ისინი გადაწყვეტენ „დიდი გეოპოლიტიკური თამაშების“ თამაშს და საქართველოსა თუ უკრაინის მსგავს ავანტიურაში გაეხვევიან. რუსეთის ფედერაციის ზემოდან ყველა „ახალი მოთხოვნა“ „წილის“ შესახებ მარტივად შეიძლება „განულდეს“. თუნდაც უცხოურ ბანკებში „ელიტის“ ანგარიშების ბათილად ცნობის მუქარით. და მერე? რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ ქაოსისა და სეპარატიზმის ექსპორტის ნებისმიერი „მარცხი“ ხომ მაშინვე „ბუმერანგად დაბრუნდება“ მისივე საზღვრებში.

 

„მსოფლიოს გლობალისტური გადანაწილებისას“ რუსეთის ფედერაციის როლი, თუ იგი აყვება პროვოკაციებს და დაანგრევს საერთაშორისო ნორმებს, მომზადებულია არა „ჰეგემონის“ როლისთვის, რომელიც არ არის შეერთებული შტატების თანაბარი, არამედ  გლობალისტთა „ნადავლის“ როლი, რასაც ხელს შეუწყობენ საკუთარი ისევ შინაური რუსი პროვოკატორები. მით უმეტეს, თუ რუსეთის ფედერაციის ელიტა აგრძელებს თამაშს უცხო ტერიტორიებზე სეპარატიზმის მხარდასაჭერად და ცდილობს იქ ქაოსის ექსპორტს სეპარატიზმის მხარდასაჭერად.

 

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 703


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები