პოლიტიკა

კახა კუჭავა - პარლამენტი არის ადგილი, საიდანაც პოლარიზაციის შემცირებაზე ზრუნვა უნდა დავიწყოთ

02.12.21 16:00


დარწმუნებული ვარ, პარლამენტი არის ადგილი, საიდანაც უნდა დავიწყოთ პოლარიზაციის შემცირებაზე ზრუნვა იმისათვის, რომ უწყებები კიდევ უფრო გამართულად ფუნქციონირებდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე აისახება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-13 ყოველწლიური ასამბლეის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. მისი შეფასებით, მთავრობებსა და პარლამენტებს შორის კავშირებთან ერთად, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კიდევ ერთი - სამოქალაქო საზოგადოების და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულება აქტიურია, რაც დადებითად აისახება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სამუშაო პროცესზე.

 

სიტყვით გამოსვლისას, კახა კუჭავამ ყურადღება დღეს არსებულ პოლარიზაციაზე გაამახვილა. მისი თქმით, პოლარიზაცია მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის და ეს ის საკითხითა, რომელიც მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოს აღელვებს.

 

„პოლარიზაციის შემცირება არ გახლავთ რომელიმე ერთი, კონკრეტული ჯგუფის საქმე - მას საერთო ძალისხმევით უნდა გავუმკლავდეთ. დარწმუნებული ვარ, ყველა ვთანხმდებით, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ქვეყნის ნორმალურ ფუნქციონირებას. მით უმეტეს, რომ საქართველო ისედაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, იქნება ეს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია, რომლის მძიმე შედეგებსაც ყოველდღიურად ვაწყდებით, თუ კოვიდ-19 პანდემია, რომელმაც მთელი მსოფლიო მნიშვნელოვნად დააზარალა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კახა კუჭავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტს შეუძლია, პოლარიზაციის შემცირებაში არსებითი როლის შეასრულოს.

 

„საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და შესაბამისად, პარლამენტი ქვეყნის მმართველობითი სისტემის და პოლიტიკური ცხოვრების ცენტრს წარმოადგენს.

შედეგად, პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს წარმოადგენენ, პარლამენტის წევრებს, საპარლამენტო სუბიექტებს შეუძლიათ აქტიურად გამოიყენონ საპარლამენტო ტრიბუნა, მათთვის მინიჭებული ახალი, ძლიერი და ეფექტიანი ინსტრუმენტებით აქტიურად ჩაერთონ თემატურ განხილვებში, კონსტრუქციულად წარმართონ საკანონმდებლო და საზედამხედველო პროცესი. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი არის ადგილი, საიდანაც უნდა დავიწყოთ პოლარიზაციის შემცირებაზე ზრუნვა იმისათვის, რომ უწყებები კიდევ უფრო გამართულად ფუნქციონირებდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე აისახება. სწორედ ეს იქნება ევროპული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა და ამგვარი მიდგომა კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენი საზოგადოების რწმენას ევროპული ინსტიტუტების და ღირებულებების მიმართ, კიდევ უფრო დააჩქარებს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანებას“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მხოლოდ ერთობლივ ძალისხმევაშია წარმატების, გამარჯვების გასაღები და ამ წარმატების მიღწევაში, სამოქალაქო საზოგადოების როლი მნიშვნელოვანია.

 

„ჩემი თხოვნაა, ერთად ვიშრომოთ ფაქტებზე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, შინაარსიანი, კონსტრუქციული დისკუსიების კულტურის დამკვიდრებაში. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე გეტყვით, რომ პარლამენტი ღიაა თანამშრომლობისთვის. სიახლეს არ წარმოადგენს ის, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება, ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმოსურნის საქმეს ემსახურება.

დარწმუნებული ვარ, ეს არ არის არცერთი ჩვენგანის ინტერესი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, ერთად ვიფიქროთ, დავგეგმოთ, ვიშრომოთ პოლარიზაციის შემცირებისთვის და ამით ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლს“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები