პოლიტიკა

განათლების სამინისტრო მოსწავლეებს ბეჭდურ სახელმძღვანელოებთან ერთად ელექტრონულ სახელმძღვანელოებსაც შესთავაზებს

07.12.21 10:00


განათლების და მეცნიერების სამინისტრო მოსწავლეებს ბეჭდურ სახელმძღვანელოებთან ერთად ელექტრონულ სახელმძღვანელოებსაც შესთავაზებს.

 

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ ჩიქობავამ განაცხადა, ელექტრონული სახელმძღვანელოების სტანდარტზე მუშაობა უკვე დაიწყო და ის ყველა საგანს შეეხება.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაციფრულება მოხდეს და კიდევ უფრო გამრავალფეროვნება. ერთია გრიფირებული სახელმძღვანელო, რაც იბეჭდება, თუმცა, მეორე მხრივ, სამომავლო პერსპექტივაში ვფიქრობთ, რომ თუ მთლიანი სახელმძღვანელო არ იქნება, გარკვეული თემები მაინც გაციფრულდეს. ეს სწავლის პროცესს უფრო ინტერაქციულს გახდის. მაგალითად, დავალებების და აქტივობების ნაწილი გაციფრულდება, ჩაერთვება ვიდეოლინკები. ამით გამდიდრებულ რესურსს შევთავაზებთ მოსწავლეებს. როგორც გითხარით, ეს ყველა საგანში იგეგმება, მაგრამ შეიძლება არ იყოს ყველა სახელმძღვანელო თავიდან ბოლომდე გაციფრულებული.

სტანდარტში მსხვილი თემების მიხედვით არის სახელმძღვანელოები დაყოფილი და შესაძლებელია, თითო თემაზე თითო ელექტრონული რესურსი გაკეთდეს. ამაზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ არ ვჩქარობთ, რადგან გვინდა, ხარისხიანი იყოს. სტანდარტიც უნდა შემუშავდეს, თუ როგორ უნდა შეფასდეს ეს რესურსი და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს“, - განაცხადა ჩიქობავამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

 

ცნობისთვის, ელექტრონული სახელმძღვანელოების შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო უცხოურ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, აქტიურად მუშაობს დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების განვითარებაზე – ბოლო ორი თვის განმავლობაში შემუშავდა სახელმძღვანელოების შეფასების განახლებული კრიტერიუმები და დაიწყო მუშაობა ელექტრონული სახელმძღვანელოების კონცეფციაზე.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები