პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი - ჩვენსა და ევროკავშირს შორის თუ რამე გასარკვევია, ეს აბსოლუტურად არ ეხება „ნაცმოძრაობას“, რომელიც ყველა ზონიდან არის გასული

24.12.21 12:20


თუ ჩვენსა და ევროკავშირს შორის რამე გასარკვევია, ეს აბსოლუტურად არ ეხება „ნაცმოძრაობას“, რომელიც ევროკავშირი კი არა, ყველა ზონიდან არის გასული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

 

„მაგრამ გასარკვევი არის, თუ ეროვნულ ინტერესებს, რაც არ უნდა იყოს, უპირისპირდება, დეტალებში შევიდეთ და ვიკამათოთ. აი, ეს არის, რაც განაცხადა პრემიერ-მინისტრმაც, ირაკლი კობახიძემაც ამაზე ისაუბრა და მეც იმავეს გეტყვით.

გამორიცხულია, „ნაცმოძრაობას“ საშუალება მიეცეს, რომ ეს ქვეყანა დაანგრიოს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

აღნიშნული გიორგი ვოლსკიმ გადაცემის წამყვანის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რატომ ისმის მართლმსაჯულების მიმართ პრეტენზიები მუდმივად, როგორც ოპოზიციის, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მაგალითისთვის, ოპოზიციის მიერ ევროკავშირის ხელმძღვანელებისთვის მიწერილი 9 დეკემბრის წერილზე, ჯოზეფ ბორელის გუშინდელ საპასუხო წერილში განსაკუთრებული აქცენტი მართლმსაჯულების რეფორმაზეა გაკეთებული.

 

მისი თქმით, სასამართლო რეფორმის თემა ოპოზიციას და მათ შორის, მედიას იმ კუთხით არ აინტერესებს, შინაარსობრივად რაზეა დავა.

 

„მედიასა და ოპოზიციას ეს თემა იმ კუთხით აინტერესებს, რომ „ნაცმოძრაობამ“ მისწერა წერილი, იქიდან მოვიდა ეს წერილი, ის გვაკრიტიკებს ჩვენ და რას გვაკრიტიკებს, რატომ გვაკრიტიკებს. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ არის ეროვნული ინტერესები, რომელიც სასამართლოს პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებას უკავშირდებოდა. ჩვენი სასამართლო წნეხისგან გათავისუფლდა და ამერიკული ორგანიზაციის რეიტინგებში, რომელიც მართლმსაჯულების რეიტინგებს ყოველწლიურად აჯამებს, ქართული სასამართლო მოწინავეთა შორისაა, უსწრებს ევროკავშირის არაერთ ქვეყანას და რეგიონში ხომ საერთოდ, პირველ ადგილზეა. აი, ეს გავაკეთეთ ჩვენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა სალომე ზურაბიშვილს კომუნიკაცია მმართველ გუნდთან, ვიდრე ეროვნული თანხმობის იდეას გაახმოვანებდა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტს მმართველ გუნდთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

 

„ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტს ჩემთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ყოველ შემთხვევაში, პოლიტსაბჭოს წევრებთან რამე კომუნიკაცია არ ჰქონია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს თემა ჩვენთვის უცხოა. ასე პრიმიტიულად არ ხდება – აი, უთხრა თუ არა ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა, ვთქვათ, კახა კუჭავას, ირაკლი კობახიძეს, ან ირაკლი ღარიბაშვილს. ეს არ არის სალაპარაკო თემა, იცით რა, ასე მინდა, ვთქვა, მოდით, ასე თქვით. ასე არ არის და ასეთი პრიმიტიული ფორმულით არ ხდება სახელმწიფოს მართვა. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საკითხს არ ტოვებს, სადაც თუნდაც მწვავე კამათის პირობებში არ აკეთებს იმას, რაც არჩევნების შემდეგ ევალება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

გიორგი ვოლსკი გადაცემის მეორე სტუმრის, ნიკა მელიას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მთავარი საკითხი პოლიტიკური მართლმსაჯულებისა და ოლიგარქიული წეს-წყობილების დასრულებაა.

 

„უკაცრავად, მაგრამ რომელ პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე ლაპარაკობს ნიკანორ მელია, რომელიც ბანკის ძარცვაში, კერძო საკუთრების წართმევაში მონაწილეობდა?! ის იყო ბრალდებული და აშკარა დამნაშავე. უბრალოდ, მაშინ სიტუაცია არეული იყო და ბიძინა ივანიშვილის ბანკი რომ იყო, შეიძლება, არ მიჰყვა სასამართლო, ან სასამართლო ხელისუფლება იმ პერიოდში რაღაც გარკვეულ პროსტრაციაში იყო“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

გიორგი ვოლსკიმ ნიკა მელიას მისამართით ასევე თქვა, რომ მას „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხელმძღვანელად და ლიდერად არ ცნობენ.

 

„ნიკანორ მელია ის კაცი არ არის, რომელსაც ისინი ხელმძღვანელად და ლიდერად ცნობენ. მათთვის სააკაშვილია ლიდერი, ვინც აჭმევს, აფინანსებს, ვისაც რაღაც კავშირი ჰქონდა საერთაშორისო დონეზე და ვინც ინგლისური, ან ცოტ-ცოტა სხვა ენაც იცის“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები