პოლიტიკა

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრებას იწყებს

24.12.21 12:40


პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრებას იწყებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან ამირან ძაბუნიძესთან გასაუბრება 28 დეკემბერს ჩატარდება. მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის ანალოგიით წარიმართება. შესაბამისად, გასაუბრებისთვის ფრაქციას „ქართული ოცნება“ მიეცემა 75 წუთი, ფრაქციას „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 15 წუთი, ფრაქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 30 წუთი, საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს - „რეფორმების ჯგუფი“, „გირჩი“, „მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები“ – 15-15 წუთი, ხოლო პარლამენტის 12 უფრაქციო წევრს, ჯამში - 36 წუთი.

 

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, გასაუბრების პროცესში კითხვების დასმის შესაძლებლობა, ასევე ექნებათ არასაპარლამენტო სუბიექტების, კერძოდ: ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის, სახალხო დამცველის ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.

თითოეულ სუბიექტს კანდიდატთან გასაუბრებისთვის მიეცემა 15 წუთი. "უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, ამირან ძაბუნიძესთან გასაუბრების პროცესი, ისევე როგორც ყველა სხვა წინა კანდიდატებთან გასაუბრება, ჩატარდება მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მაქსიმალურად ინკლუზიურად“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ამირან ძაბუნიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად 2021 წლის 20 დეკემბერს წარუდგინა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები