პოლიტიკა

ანა ბუჩუკური უმრავლესობას - ეს არის შტურმი დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტზე, ყოჩაღ!

29.12.21 15:40


კანონპროექტი, რასაც დღეს საქართველოს პარლამენტი განიხილავს, ყველაზე მავნებლური და ყველაზე საშიში გადაწყვეტილებაა, რაც „ქართულ ოცნებას“ ბოლო 9 წლის განმავლობაში მიუღია. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ამაში „ნაცმოძრაობა“ ხელს გიწყობთ, რადგან ეს სკამები დღეს ცარიელი არ უნდა იყოს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენითაა გატანილი.

 

როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, ეს ნამდვილად არ არის სამსახურის რეფორმა, ეს არის შტურმი დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტზე.

 

"გუშინ ძალიან ბევრი კითხვა დაისვა კომიტეტზე, მაგრამ არცერთ მათგანზე პასუხი არ მიგვიღია, გარდა იმისა, რომ მოგყავთ ევროპული ქვეყნების პრაქტიკა. რომელ ევროპულ ქვეყანაში ხდება, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღებოდეს? რომელ ევროპულ ქვეყანაში ხდება ის, რომ პარლამენტის მიერ არჩეული იმუნიტეტის მქონე ადამიანის სახლში გასაშვებად იღებთ კანონს საახალწლოდ? რომელ ევროპულ ქვეყანაში ხდება, რომ ასეთი მნიშვნელობის კანონპროექტი კონსპირაციულად და მალულად იწერებოდეს? რომელ ევროპულ ქვეყანაში ხდება, რომ ამ კანონპროექტს უმალავენ იმ სახელმწიფო უწყებას, რომელსაც ეხება ეს კანონპროექტი? რომელ ევროპულ ქვეყანაში ხდება, რომ 8 თვის წინ ამ სახელმწიფო უწყების მიერ პარლამენტში წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა არც დაგიწყიათ და არც ამ უწყებისთვის მოგისმენიათ, რომ ამ უწყების ეფექტიანობა ყველას ერთად შეგვეფასებინა? თქვენ საუბრობთ რეკომენდაციების შესრულებაზე, რომლებიც წლების წინ იყო გაცემული და ასე ცდილობთ „შეფუთოთ“ ეს მავნებლობა. ამ რეკომენდაციებში ასევე საუბარი იყო შინაარსობრივ გაძლიერებასთან დაკავშირებით ამ სამსახურის - რეკომენდაცია, რომელიც სამსახურისთვის მანდატის გაფართოებას უკავშირდებოდა, მაგალითად, დევნის დამოუკიდებლად დაწყებასთან დაკავშირებით, ამას რატომ არ ითვალისწინებთ? მეორე რეკომენდაცია ეხებოდა ამ სამსახურის მანდატის გაფართოებას და გავრცელებას სუს-ის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის ხელმძღვანელობაზე, ამას რატომ არ ითვალისწინებთ? თქვენ ყველაფერი, რაც გუშინ და დღეს თქვით, ტყუილია! ერთადერთი სიმართლე, რაც დღეს წამოგცდათ ბატონო რატი, არის ის, რომ ეს ნამდვილად არ არის სამსახურის რეფორმა, ეს არის შტურმი დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტზე. ყოჩაღ!“ - განაცხადა ბუჩუკურმა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები