პოლიტიკა

დავით ზალკალიანი - ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილისგან დღეს კიდევ ერთხელ მივიღე რწმუნება, რომ ნატო არ აპირებს პოზიციების გადახედვას საქართველოსთან მიმართებაში

11.01.22 10:00


საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველოს თემატიკა მუდმივად ჟღერდება მაღალი დონის შეხვედრებზე, მათ შორის საჯარო გამოსვლებში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმაც არაერთხელ ახსენა საქართველო უსაფრთხოების საერთო, გლობალურ კონტექსტში, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის საქართველოსთან თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენი საკითხების აქტუალიზაცია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის დღის წესრიგში უაღრესად პრიორიტეტულია.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ ზალკალიანმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანასთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომელიც, მისივე შეფასებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ვენდი შერმანთან გამართული სატელეფონო საუბრის ლოგიკური გაგრძელებაა.

 

მინისტრის განცხადებით, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან სატელეფონო საუბარი საქართველოს მიმართ პარტნიორების მხრიდან მუდმივი ყურადღების დასტურია.

 

დავით ზალკალიანის თქმით, საუბრისას დეტალურად იქნა განხილული რუსეთსა და ნატოელ მოკავშირეებს შორის დაწყებული მოლაპარაკებების პროცესი ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

 

„მე დღეს კიდევ ერთხელ მივიღე რწმუნება ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილისგან, რომ ნატო არ აპირებს პოზიციების გადახედვას საქართველოსთან მიმართებაში, რომ ის არის თანმიმდევრული მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და რომ ევროპული უსაფრთხოება დაფუძნებულია პარტნიორების უსაფრთხოებაზე", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე მომავალშიც გაგრძელდება მჭიდრო კომუნიკაცია პარტნიორებთან და უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემდგომი აქტივობა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები