პოლიტიკა

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანი სასამართლოს უფლებას არღვევს

18.01.22 17:00


საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილის განცხადებით, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მოსამართლის განაჩენი ყველა შემთხვევაში დაუსაბუთებელი იქნება. მისივე შეფასებით, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანი სასამართლოს უფლებას არღვევს.

 

როგორც კოპალეიშვილი განმარტავს, თუკი მოსამართლე მიიჩნევდა, რომ მუხლი უნდა გადაეკვალიფიცირებინა, მას ეს მინიმუმ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე უნდა გაეკეთებინა და არა განაჩენის გამოქვეყნების დროს.

 

"მან ამით მხარეებს შესაძლებლობა წაართვა, მათ წინააღმდეგ წარდგენილ ფაქტებსა და სამართლებრივ არგუმენტებზე ედავათ და საკუთარი კონტრარგუმენტები წარმოედგინათ. ამით მოსამართლემ საქმის სამართლიანი განხილვის პრინციპი დაარღვია. ბუნებრივია, მისი განაჩენი დაუსაბუთებელი იქნება, რადგან მხარეებს არ მიეცათ თავის დაცვის შესაძლებლობა. როცა მოსამართლე ბრალეული ქმედების გადაკვალიფიცირებას აპირებს, უფლება არა აქვს ეს განაჩენის გამოქვეყნების დროს გააკეთოს და მხარეები ფაქტის წინაშე დააყენოს", - განუცხადა ჟურნალისტებს მაია კოპალეიშვილმა.

 

პარლამენტში, ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრები ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იურიდიული წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

ცნობისთვის,12 იანვარს, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები