ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი აზერბაიჯანის ელჩსა და საბაჟო ატაშეს შეხვდა

21.01.22 13:00


საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ფაიგ გულიევმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც აზერბაიჯანის ელჩმა ქართულ მხარეს ოფიციალურად წარუდგინა ახალი საბაჟო ატაშე ფუად გასიმოვი.

 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანზიტო და სატრანსპორტო სფეროში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის პარტნიორობის მნიშვნელობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

 

როგორც ცნობილია, 2021 წლის ზაფხულში საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის შეიქმნა ერთობლივი სამმხრივი საბაჟო კომიტეტი, რაც ლაშა ხუციშვილის თქმით, უნიკალური შესაძლებლობაა, 3 ქვეყანას შორის საბაჟო სფეროში ურთიერთქმედების მიმართულებით არსებული აქტუალური საკითხების მაღალ დონეზე კოორდინაციისთვის. როგორც მან აღნიშნა, საბაჟო ადმინისტრაციებს შორის აქტიური კომუნიკაცია, მნიშვნელოვანი ბერკეტია რეგიონში კონკურენტუნარიანი სატრანზიტო დერეფნისა და ვაჭრობის ხელშეწყობის წინაპირობების შექმნისთვის.

 

მხარეებს შორის საუბარი ასევე შეეხო პანდემიის პირობებში განხორციელებულ პროცედურებს, რამაც უზრუნველყო, როგორც მგზავრთა, ისე ტვირთების შეუფერხებელი მოძრაობა.

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული მხარე გააგრძელებს ძალისხმევას განამტკიცოს აზერბაიჯანსა და საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა. ასევე, მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანული კაპიტალით შექმნილი საწარმოების საქმიანობის მხარდაჭერისთვის.

 

მისი თქმით, აზერბაიჯანი სრულად უჭერს მხარს ახალი ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტის „აბრეშუმის გზა – იპეკ იოლუს“ მშენებლობის პროექტს, რომელსაც გასულ წელს მოეწერა ხელი.

 

შეხვედრის დასასრულს, აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოს ფინანსთა მინისტრი აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტით მიიწვია.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები