პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი - 2012 წელს 11-თეთრიან ელექტროენერგიაზე იძახდნენ, რომ განახევრდებოდა - 2022 წელია და ადამიანებს ყველაზე იაფ დენზე უწევთ 18 თეთრის გადახდა

21.01.22 13:30


არც ერთ მოქალაქეს არ უნდა შეეხოს დენის გაძვირება, რომელიც აისახება იანვრის ბოლოდან ქვითრებზე. ვითხოვთ ტარიფის იმ ნიშნულზე დაბრუნებას, რაც თავადვე დაადგინეს - პროტესტი იქნება მანამ, სანამ კონკრეტულ შედეგზე არ გავალთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა სემეკთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, „ანტიკორუფციული მოძრაობა“ სემეკ-ში შეიტანს წერილს, რომლითაც სხდომის დანიშვნას მოითხოვენ. ხაბეიშვილის თქმით, დღევანდელ აქციაზე შეკრებილებს სამი მოთხოვნა აქვთ, კერძოდ, არ გაძვირდეს დენის ტარიფი, გასაჯაროვდეს უჩა მამაცაშვილის კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და ჩაიხსნას ეს კომპანია, რაც როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, უზრუნველყოფს ტარიფის შემცირებას.

 

„2012 წელს 11-თეთრიან ელექტროენერგიაზე იძახდნენ, რომ განახევრდებოდა და 6 თეთრს გადაიხდიდით, 2022 წელია კალენდარზე და ადამიანებს უწევთ ყველაზე იაფ ელექტროენერგიაზე 18 თეთრის გადახდა, ამასობაში ყველაზე ძვირს, ანუ 18 კილოვატზე მეტს ვინც დაწვავს, 26.5 თეთრის გადახდა უწევს. ადრე ყველაზე ძვირი ელექტროენერგია იყო 15 თეთრი, 11 თეთრით უფრო მეტის გადახდა უწევთ მოქალაქეებს, ამასობაში არ დაგვავიწყდეს, მეწარმეებს კიდევ უფრო გაუძვირდათ გადასახადები და მათთვის კიდევ უფრო გაძვირდა, ვიდრე რიგითი მოქალაქეებისთვის, მაგალითად, მეპურეს, რომელიც თონეში პურს აცხობს და მოიხმარს ელექტროენერგიას, გაუძვირდა ელექტროენერგია, ის აძვირებს პურს და ეს შეეხეო შემდეგ მოქალაქეებს. ელექტროენერგიის გაძვირების გარდა მოიმატა პროდუქტებზე ფასებმა, რადგან მეწარმეს გაუძვირდა ელექტროენერგია. ბიძინა ივანიშვილმა კი შექმნა თავისუფალი ეკონომიკური ზონები გორში, გლდანში, გამოიმუშავებს ბიტკოინებს და თვითონ თითქმის მესამედ ფასად ყიდულობს ელექტროენერგიას.

 

ვინც ახლა გვისმენს, ის მოქალაქეები სამჯერ უფრო მეტს იხდის, ვიდრე რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და რიგით მეწარმესთან შედარებითაც სამჯერ უფრო იაფად ყიდულობს დენს ბიძინა ივანიშვილი, გამოიმუშავებს კრიპტოვალუტას, მილიონებს. როცა დენს ვყიდულობთ, ‘შუაში“ გააჩინა უჩა მამაცაშვილი, მისი დეიდაშვილის კომპანია, რომელიც დამატებით მილიონებს ეზიდება საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან. სემეკისგან ვითხოვთ ხელშეკრულების გასაჯაროებას, ანუ რამდენ მილიონს პარავს რუსი ოლიგარქი და მისი დეიდაშვილი საქართველოს მოქალაქეებს. ეს უნდა გაასაჯაროონ. მოვითხოვთ ამ კომპანიის ჩახსნას, რაც რამდენიმე თეთრით დენის ტარიფის შემცირებას უზრუნველყოფს.

 

ასევე მეორე საკითხია, რომელიც უკავშირდება ლარის გაუფასურებას და ამიტომაც მოხდა, რომ ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება, თუმცა, ესეც პირდაპირ დაკავშირებულია რუსი ოლიგარქის პოლიტიკასთან, ეკონომიკურ დამოკიდებულებასთან და ვხედავთ, ლარი გააკუპონეს. არც ერთ მოქალაქეს არ უნდა შეეხოს ის გაძვირება, რომელიც აისახება იანვრის ბოლოდან ქვითრებზე, ვითხოვთ ტარიფის იმ ნიშნულზე დაბრუნებას, რაც თავადვე დაადგინეს - 14 თეთრი. წერილს შეიტანს ანტიკორუფციული მოძრაობა და მოვითხოვთ სემეკისგან სხდომის დანიშვნას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს იმ დოკუმენტის საჯაროობა, რომლითაც უჩა მამაცაშვილი იპარავს მილიონებს. პროტესტი იქნება მანამ, სანამ კონკრეტულ შედეგზე არ გავალთ,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები