პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ რეზოლუციაზე კონსულტაციებს გამართავენ

24.01.22 17:20


პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის სახელით სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში. მისი განცხადებით, მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მჭიდრო კომუნიკაცია აქვს დასავლელ პარტნიორებთან და მოქმედებს აღნიშნული კომუნიკაციის შესაბამისად.

 

„მე რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა საქართველოში უკრაინის ელჩთან და მასაც გამოვუცხადე ჩვენი თანადგომა. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება“, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

როგორც სხდომაზე აღინიშნა, საქართველოს პარლამენტში უკრაინის მხარდასაჭერად საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია ერთობლივ რეზოლუციას შეიმუშავებს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი ერთ რეზოლუციაზე უკვე მუშაობს, რომელიც ნატო-ს ეხება და უკვე გაგზავნილია ყველა ფრაქციაში.

 

„ამ რეზოლუციის შინაარსის სულისკვეთებაზე ვთანხმდებით. ხვალ მივემგზავრებით ბრიუსელში, ნატოში გვექნება შეხვედრები, გვინდა, რომ იქაც კონსულტაციები გავმართოთ ჩვენს პარტნიორებთან. ამ რეზოლუციას უახლოეს მომავალში დავაინიცირებთ, რაც შეეხება უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას, საჭიროა განვსაზღვროთ, რა ფორმით გვსურს მისი მიღება და ეს, ჩემი აზრით, ფრაქციებს შორის კონსულტაციის საკითხი უნდა იყოს“,- განაცხადა სამხარაძემ.

 

რეზოლუციასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკურ ჯგუფებში ასეთ საკითხთან მიმართებაში ერთსულოვნება იყოს.

 

„მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია საქართველოს პარლამენტში იყოს ერთხმად მიღებული, ის რაც ხდება უკრაინაში, პირდაპირ ეხება საქართველოს უსაფრთხოებას“, - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის შემუშავებას კოორდინირებას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი გაუწევს. შალვა პაპუაშვილმა პროცესში ჩართულობის მზადყოფნა გამოთქვა.

 

„მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში შეგხვდეთ და ჩავერთო ამ პროცესში“, - მიმართა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს.

 

მანამდე ერთობლივი რეზოლუციის მიღების ინიციატივით საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი გამოვიდა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები