საზოგადოება

ნაძალადევში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

17.10.16 19:30


ნაძალადევის რაიონში, მიტინგის ქუჩა N1-ში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად გახსნა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღში 11 ჯგუფი შეიქმნა, მთლიანობაში კი, ბაღი 400-მდე ბავშვის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს.

შენობა და მიმდებარე ტერიტორია ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. ბაგა-ბაღის ეზოში განთავსებულია რამდენიმე სათამაშო და გასართობი მოედანი.

„დღეს დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, რიგით მეშვიდე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გავხსენით, მაგრამ ჩვენ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ მშენებლობას.

თბილისს კიდევ ძალიან ბევრ ლამაზ საბავშვო ბაღს ვაჩუქებთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ბაღი ყოფილი N79 ბაღის ტერიტორიაზე აშენდა, რომელიც 2011 წელს ავარიულობის გამო დაიხურა, აღსაზრდელები კი, ამ დრომდე, N7 საჯარო სკოლის შენობაში დადიოდნენ. განახლებულ ბაღში 65-მდე ადამიანი დასაქმდა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით გოგიძე და საკრებულოს წევრი თამარ ტალიაშვილი.

N79 საბავშვო ბაგა-ბაღი მეშვიდე ბაღია, რომელიც დედაქალაქს მიმდინარე წელს შეემატა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 496


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები