პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციაზე სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო ინიციატივას წარადგენს

18.02.22 14:00


18 თებერვალს გერმანიის ქალაქ მიუნხენში იწყება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს.


გერმანიაში საქართველოს ელჩის, ლევან იზორიას თქმით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობა იქნება ჩვენი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების გაცხადებისთვის.

 

"ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, რაც კიდევ ერთი დამატებითი პლატფორმა იქნება ჩვენი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების გაცხადებისთვის, რომელიც უკავშირდება საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციას და ურყევ პოზიციას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, - ამბობს იზორია.

 

ელჩის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციაზე სამხრეთ კავკასიის ფარგლებში სამშვიდობო ინიციატივის პრეზენტაციას წარადგენს.

 

"გამოვყოფდი სამხრეთ კავკასიის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო ინიციატივის პრეზენტაციას, ასევე გეგმებს, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს რეგიონში ეკონომიკურ განვითარებასთან. პანელზე წარმოდგენილი იქნება კონკრეტული პროექტები ჩვენს თანამშრომლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით აზერბაიჯანსა და სომხეთთან და დისკუსიაში ჩართული იქნებიან მაღალი რანგის პოლიტიკოსები, განსაკუთრებით გამოვყოფ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის და ეუთოს გენერალური მდივნის მონაწილეობას.

რაც შეეხება ორმხრივ შეხვედრებს, დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები, მათ შორის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. ეს ყველაფერი, როგორც გლობალური, რეგიონული, ისე ორმხრივი შეხვედრების ასპექტები, მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს ჩვენი ქვეყნის პოზიციების გამყარებას, როგორც პოლიტიკურ ასპარეზზე, ისე ეკონომიკური პროექტების განხორციელების თვალსაზრისით", - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლებსა და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან.

 

საქართველოს დელეგაციაში, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

 

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

 

კონფერენცია 20 თებერვალს დაასრულებს მუშაობას.

 

 

წყარო :  /www.ghn.ge/           

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები