პოლიტიკა

ქუთაისსა და თბილისში გარემოვაჭრეთა დახლები აყარეს

18.02.22 14:20


გასული ღამის განმავლობაში გარემოვაჭრეთა დახლები აყარეს თბილისში, ვარკეთილში მეტროსა და ქუთაისში, ე.წ. კეჩის ბაზრობის მიმდებარედ.

 

ვარკეთილელი გარემოვაჭრეები ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობენ, რომ მათ ალტერნატიული ფართი შესთავაზეს უშუალოდ ვარკეთილის ბაზრის შიდა ტერიტორიაზე.

 

თუმცა, მათივე თქმით, საშეღავათო 3 თვის შემდეგ ქირას ვერ გადაიხდიან, ბაზრის შიგნით მომხმარებლები მათი პროდუქციისთვის აღარ შევლენ.

 

„სახლში მყავს ბავშვი, რომელსაც სიმსივნე ამოვუჭერი გულიდან. ამით ვაჭმევ.

რომელი დამეხმარა? ივანიშვილი, კალაძე, რომელი?! … მაგრამ აქ მე 6 თვე უნდა ვიდგე ქუჩაში და ვიყვირო, მოდით, შემოდით უფრო იაფად. ხვალ მაღაზიიდან გამოვა ადამიანი და მეტყვის, რატომ ყიდი ჩემზე იაფად? მე კიდევ უნდა გავყიდო იმიტომ, რომ საჭმელი მივუტანო ჩემ შვილს. ვერ გავყიდი უფრო ძვირად იმიტომ, რომ ერთი თვე ვერ დაველოდები კლიენტს,“ – ამბობს ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

 

თავად თბილისის მერია ოფიციალურ განცხადებაში ამბობს, რომ დახლები უნებართვო იყო და გამგეობას გარემოვაჭრეებთან ალტერნატიულ სივრცეებზე მოლაპარაკება დაევალა.

 

„მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ გარევაჭრობის აღკვეთის მოთხოვნით, მუნიციპალიტეტის მერიას, თბილისის მუნიციპალურ ინსპექციასა და რაიონულ გამგეობას მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს. გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდებოდა, ტროტუარის დაკავების შედეგად, გადაადგილება ფერხდებოდა,“ – წერს თბილისის მერია.

 

გარემოვაჭრეთა დახლები აიღეს ქუთაისშიც. ისინი ქუთაისის ბაზრობის მიმდებარედ ვაჭრობდნენ.

 

„წაიღეს ყველაფერი. ღამე მოვიდნენ, ქურდულად და წაიღეს ყველაფერი, მათ შორის, სკამებიც. არ იმუშაოთო,“ – ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე ქუთაისში. ის ასევე აცხადებს, რომ უშუალოდ ბაზრის ტერიტორიაზე საქონელს ვერ გაყიდის, რადგან ვერ გადაიხდის შესაბამის ქირას.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები