პოლიტიკა

„განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს...“ - ეუთო/ოდირის დასკვნა და რეკომენდაციები ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

21.02.22 13:20


სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნა გაასაჯაროვა. 

 

როგორც ბრიფინგზე ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ეუთო ხაზგასმით ითხოვს, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს.

 

ლომჯარიას თქმით, ეუთო/ოდირი ცალსახად აცხადებს, რომ ის პროცესი თუ როგორ წარიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება არსებულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება. 

 

„2 თებერვალს ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ ეუთო/ოდირს თხოვნით, რომ მათ წარმოედგინათ მოსაზრება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე და ასევე იმ ცვლილებებზე, რაც საკანონმდებლო პროცესს მოჰყვა. 

 

18 თებერვალს ჩვენ დაჩქარებული წესით მივიღეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტი, სადაც წარმოდგენილია ეუთო/ოდირის მოსაზრებები განხორციელებულ ცვლილებებზე. ძირითად რეკომენდაციებსა და დასკვნებზე გავამახვილებ ყურადღებას. 

 

პირველ რიგში ეუთო ხაზგასმით ითხოვს, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს. ეს არის მათი მთავარი რეკომენდაცია, რაც ეფუძნება იმას რომ ეუთო/ოდირი ცალსახად აცხადებს, რომ ის პროცესი თუ როგორ წარიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ეწინააღმდეგება საერთაშორისო, ადამიანის უფლებების სამართალს, დამოუკიდებელი ინსტიტუტების რეგულირების შესახებ არსებულ სტანდარტებს, მათ შორის ეუთოს სტანდარტებს. 

 

ასევე მიაჩნიათ, რომ პარლამენტმა დაარღვია დემოკრატიული საკანონმდებლო პროცესის სტანდარტები, როდესაც დაჩქარებული წესით ყოველგვარი ჩართულობის გარეშე, ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო“, - აღნიშნა ლომჯარიამ. 

 

ომბუდსმენი ამბობს, რომ ეუთო/ოდირის რეკომენდაციას აძლევს სახელმწიფოს, რომ მოქმედ სახელმწიფო ინსპექტორს და მის მოადგილეებს უფლებამოსილება  შეუნარჩუნდეთ.

 

„ეუთო/ოდირი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე და ასევე სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტების მოქმედებაზე. 

 

მეორე არგუმენტი არის ის, რომ იმ შემთხვევაში თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება ის რეკომენდაციას აძლევს სახელმწიფოს, რომ მოქმედ სახელმწიფო ინსპექტორს და მის მოადგილეებს შეუნარჩუნდეთ უფლებამოსილება და მათი უფლებამოსილების ვადაში ისინი თანამდებობაზე დარჩნენ. 

 

ეს არის ყველაზე პრინციპული მოთხოვნა, იშველიებს საერთაშორისო სტანდარტებს და ამბობს, რომ მიუღებელია დამოუკიდებელი ინსტიტუტების არჩევითი ხელმძღვანელი თანამდებობის პირების ვადის გაუქმება თუნდაც საკანონმდებლო ცვლილების გზით, ვინაიდან ეს წარმოადგენს მათი დამოუკიდებლობის ხელყოფას, რომელსაც ძალიან მძიმე ეფექტი აქვს ასევე სხვა დამოუკიდებელი ორგანოების საქმიანობაზეც. 

 

ასევე ეუთო/ოდირი სხვადასხვა საკითხებს ეხება, მათ შორის იმეორებს სახალხო დამცველის რეკომენდაციას, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მანდატი უნდა გავრცელდეს მაღალ თანამდებობის პირებზეც, რაც დღეს არ ხდება. 

 

ვფიქრობ, რომ ეუთო/ოდირმა ამ დასკვნითაც დაადასტურა ის პოზიციები, რაც ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი საკონსტიტუციო სარჩელში.  საკონსტიტუციო სასამართლოდ დარჩა 1 კვირა იმისთვის, რომ მიიღოს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. 

 

მას დღეს შეუძლია ამ კანონის მოქმედება შეაჩეროს, რა თქმა უნდა ყველა ქვეყანას და სახელმწიფოს აქვს უფლება, რომ რეფორმა განახორციელოს ან იმსჯელოს მათ შორის დამოუკიდებელი ინსტიტუტების მანდატზე, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს და არ უნდა ხდებოდეს იმ ფორმით, როგორსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში. 

 

ამიტომ, ამ კანონის მოქმედება უნდა შევაჩეროთ და უნდა დაიწყოს ღია დისკუსიები ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით აღნიშნული საკითხების გარშემო“, - აცხადებს ნინო ლომჯარია. 

 

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო არ დაადო.

 

ზურაბიშვილმა  „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ხელი მოაწერა.

 

2021 წლის 30 დეკემბერს პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც აღნიშნული სამსახური გაუქმდა. 

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები