პოლიტიკა

18 სოციალური მუშაკის დავა სასამართლოში წარმატებით დავასრულეთ – NGO-ები

21.02.22 14:20


სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 18 სოციალური მუშაკის საქმე სასამართლოში წარმატებით დასრულდა. ინფორმაციას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ავრცელებს.

 

2019 წლის 11 დეკემბერს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ რეორგანიზაცია განხორციელდაა, რის შემდეგადაც „მეურვეობისა და მზრუნველობის უფლება-მოვალეობები გადაეცა სსიპ – “სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“.

 

ცვლილებების თანახმად, ზრუნვის სააგენტოს, საჭიროების შემთხვევაში, უნდა უზრუნველეყო სოციალური მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე.

 

ორგანიზაციები ამბობენ, რომ ნაცვლად იმისა, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა სოციალური მუშაკი ახლადშექმნილ სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში” უკონკურსოდ გადაეყვანა, საჭიროების მიუხედავად, 33 სოციალური მუშაკი, შესაბამისი დასაბუთებისა და არგუმენტაციის გარეშე, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

 

33 გათავისუფლებულიდან სასამართლოში 23-ზე სასამართლო დავა დაიწყო. 23-დან 18 საქმეზე დავა დასრულდა. 18-დან 8 სოციალურმა მუშაკმა საქმე მოიგო, დანარჩენის შემთხვევაში კი მოთხოვნები ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ან ბათილად ცნეს „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის სხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ გადაწყვეტილება, ან საქმე მორიგეობით დასრულდა.

 

სოციალური მუშაკების უფლებებს – „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სოლიდარობის ქსელი“ იცავდნენ:

 

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლოში 5 შრომითი დავა მოიგო. აქედან ოთხ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები სოციალური მუშაკების გათავისუფლების უკანონობის თაობაზე და სააგენტოს მათი სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაავალა.

ერთ საქმეზე კი სოციალური მომსახურების სააგენტომ სააპელაციო საჩივარი უკან გაითხოვა და შესაბამისად, ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა შრომითი უფლებების დარღვევა და დამსაქმებელს დასაქმებულის აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა.

ორგანიზაციის წარმოებაში არსებული კიდევ სამი დავა კი მორიგებით დასრულდა და ამ შემთხვევაშიც, სამივე თანამშრომელი თანამდებობას დაუბრუნდა და განაცდურიც აუნაზღაურდა.


სოლიდარობის ქსელმა თბილისის მასშტაბით სასამართლოში წარმოადგინა აღნიშნული რეორგანიზაციის საფუძვლით უკანონოდ გათავისუფლებული 6 სოციალური მუშაკისა და 1 უფროსი სოციალური მუშაკის ინტერესები. ამ საქმეებიდან ერთმა სოციალურმა მუშაკმა, საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვამდე, თავისი სურვილით გაიხმო სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოდან, ვინაიდან დასაქმდა ახლად შექმნილ სააგენტოში. დანარჩენი ექვსი საქმიდან ყველა დასრულდა წარმატებით. აქედან ერთ საქმეზე მხარეები სააპელაციო სასამართლოში მორიგდნენ, ხოლო ორ საქმეზე მეორე ინსტანციის სასამართლომ განჩინებით უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ბრძანების ბათილად ცნობასთან, სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. დანარჩენ სამ საქმეზე კი მოპასუხეებს არ გაუსაჩივრებიათ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებანი. დასახელებული საქმეებიდან მხოლოდ ერთ პირს, უფროსს სოციალურ მუშაკს, ეთქვა სამსახურში აღდგენაზე უარი.

„სოლიდარობის ქსელი“ განაგრძობს აღნიშნული დასაქმებულის ინტერესების დაცვას, რომელიც დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყვეტს განაგრძობს თუ არა დავას სასამართლოში.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თელავისა და ქუთაისის სასამართლოებში წარმატებით დაასრულა 3 სოციალური მუშაკის საქმე.

სასამართლოებმა სრულად დააკმაყოფილეს სასარჩელო მოთხოვნები, ბათილად ცნეს გათავისუფლების ბრძანებები და მოპასუხეს დაავალეს, სოციალური მუშაკების სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. საია განაგრძობს კიდევ 5 სოციალური მუშაკის საქმეზე მუშაობას, რომელთა სარჩელები ამ დროისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოებში განიხილება.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები