პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე - პუტინმა თვითონვე გააქარწყლა რუსული და სამწუხაროდ, ივანიშვილის პროპაგანდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას რაიმე დანაშაული მაინც მიუძღვის რუსეთის 2008 წლის სამხედრო აგრესიაში

22.02.22 16:40


პუტინმა თვითონვე გააქარწყლა რუსული და სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლებას ან სახელმწიფოს რაიმე სახის დანაშაული მაინც მიუძღვის რუსეთის 2008 წლის სამხედრო აგრესიაში საქართველოში - იგივე სცენარი, რომელიც იყო 2008 წელს, უკრაინაში პირდაპირ გაიმეორა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშია" თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ახლა საქართველოს სტრატეგიული ამოცანა უნდა იყოს მსოფლიოსთვის 2008 წლის მოვლენების შეხსენება იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინაში სწორედ იგივე სცენარი მეორდება.

 

„ახლა გვაქვს უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა, რომ საქართველომ 2008 წლის მოვლენები ამოაყირაოს და მსოფლიოს შეახსენოს, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოხდა 2008 წელს ზუსტად ისევე, როგორც ეს წუხელ მოახდინა. თუმცა, საპასუხოდ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების ძალიან პასიურ მოქმედებას.

ღარიბაშვილს ჰქონდა შანსი მიუნხენში მსოფლიო ლიდერებს შეხვედროდა, სამწუხაროდ, ეს შანსი მან ვერ გამოიყენა, მაგრამ ახლა ყველა ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქით, რომ რეალურად, საქართველოს საკითხი კვლავ წამოიწიოს.

საქართველოს სტრატეგიული ამოცანაა, რომ უკრაინასთან ერთად სინქრონიზაციაში მოახდინოს იმის დეკლარირება, რომ 2008 წელს მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია“, - განაცხადა დეკანოიძემ.

 

რაც შეეხება უშუალოდ უკრაინას, დეკანოიძე მიიჩნევს, რომ უკრაინა გაძლიერდა, პუტინი კი სუსტია და მან მარიუპოლზე შეტევა ვერ გაბედა.

 

„პუტინმა თვითონ მოკლა მინსკის შეთანხმება, რაც გულისხმობდა საკმაოდ მტკივნეულ ნაბიჯებს უკრაინისთვის, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთელი დასავლეთის კონსოლიდაცია მოხდა უკრაინასთან მიმართებით და უკრაინა გახდა პრაქტიკულად დასავლეთის სერიოზული ნაწილი, რომლის გახლეჩვაც აღარ გამოუვა პუტინს, თვითონ უკრაინაში ეროვნული კონსოლიდაცია მოხდა და ზელენსკის პოზიციები გაძლიერდა, რაც არ უნდა მარიონეტული მთავრობის დასმაზე იფიქროს პუტინმა, მას ეს არ გამოუვა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნატო-სთან მიმართებაში დასავლეთი დათმობაზე არ წავიდა. რაც შეეხება იმას, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს პუტინს, პუტინი არის სუსტი, მან ვერ გაბედა მარიუპოლზე შეტევა, შეიყვანა ჯარი რაც აქამდეც იყო და ახლა მხოლოდ დეკლარირებულად მოახდინა ოკუპაცია. დაიღუპა ორი უკრაინელი ჯარისკაცი, ამიტომ იქ რუსული აგრესია არ დასრულებულა, გრძელდება და რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ პუტინმა კიდევ ერთხელ დეკლარირებულად თქვა, რომ არის ეგომანიაკი, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მსოფლიოს ,"- განაცხადა დეკანოიძემ.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები