პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი - ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ რაც შემიძლია, რომ ხელი შევუწყო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე

23.02.22 10:00


ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ რაც შემიძლია იმისათვის, რომ ხელი შევუწყო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ის, რაც დღეს ევროპაში ხდება უფრო გაერთიანებულ, უფრო მიზანსწრაფულ ევროპას გულისხმობს, უფრო მეტ ევროპას უკრაინაში და უფრო მეტ ევროპას საქართველოში.

 

„რაც შეეხება ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, მიმაჩნია, რომ ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, შეიძლება იდეალურები არ ვართ და ყველა საჭიროებას და ყველა პირობას ვერ ვაკმაყოფილებთ, საბაზისო პირობებს იმისათვის, რომ მიგვიღონ ან ერთ ან ორივე ორგანიზაციაში, მაგრამ ასე არ ისმის კითხვა დღეს, დღეს კითხვა ისმის ასე, გავაგრძელებთ თუ არა ამ პროცესს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე სხვა პოზიციებზე როდესაც ვმუშაობდი, წინა ცხოვრებაში, თუ შეიძლება ასე ითქვას, როცა ვსაუბრობდით ინტეგრაციის გზაზე, ბალტიისპირეთის ქვეყნების ინტეგრაციაზე, იმ დროს მთავარი იყო, რომ არ შეგვეჩერებინა ეს პროცესი.

განსხვავებული იყო, რა თქმა უნდა, რუსეთის პოზიციაც, მაგრამ ეს სწორხაზოვანი მიდგომა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივი მიდგომა არის ნაკლებად კონფრონტაციული და ეს საუკეთესო შედეგებს გვაძლევს.

 

მიმაჩნია, რომ ამ კონტექსტში პასუხისმგებლობას არ დავაკისრებდი იმას, რომელმა მთავრობამ რა გააკეთა წარმატებისთვის. კითხვა ისმის ასე, პარტნიორები მზად არიან თუ არა ამ გზაზე წამოგვყვნენ? ჩემი პასუხი ამ კითხვაზე იქნებოდა ასეთი, ეს ის გზავნილია, რაც ადრეც გამიჟღერებია, რაც ხდება დღეს ევროპაში უფრო გაერთიანებულ, უფრო მიზანსწრაფულ ევროპას გულისხმობს, უფრო მეტ ევროპას უკრაინაში, უფრო მეტ ევროპას საქართველოში, მეტ ევროპას მოლდოვაში და უფრო მეტ ევროპას შავ ზღვაში.

 

ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ რაც შემიძლია იმისათვის, რომ ხელი შევუწყო საქართველოს ამ გზაზე, მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც პეტრას სამიტი მოაწყო.

საგარეო პოლიტიკას არ წარვმართავ, მაგრამ წარმოვადგენ ქვეყანას. ჩვენი გზა არის გაწერილი კონსტიტუციაში აქედან გამომდინარე მე არა მარტო მაქვს უფლება, არამედ ვალდებულებაც გამაჩნია წარმოვადგინო ქვეყანა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები