პოლიტიკა

„ამ გლობალურ დაპირისპირებაში ჩვენ სწორი ადგილი ამოვირჩიეთ“ - გია ვოლსკი

23.02.22 10:45


„ამ გლობალურ დაპირისპირებაში ჩვენ სწორი ადგილი ამოვირჩიეთ,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

 

„ზოგადად, დაპირისპირების დინამიკა, რომელიც რუსეთსა და დასავლეთს შორის კარგა ხანია, ასე ვთქვათ, 2006 წლიდან ვითარდება, არის საფრთხის შემცველი.

საქართველომ ამ გლობალურ დაპირისპირებაში სწორი ადგილი ამოირჩია. სწორი პოზიციაა ის, რომ ჩვენ ვართ ევროკავშირის ასოცირებული წევრი და 2012 წლის შემდეგ წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით, რომელიც წამოვიწყეთ, იგივე განვითარებული სამყაროს ქვეყნებთან ახლო, ორმხრივი ურთიერთობები, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები და უამრავი სხვა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

ვოლსკის თქმით, რუსეთს სხვადასხვა ბერკეტი აქვს და არ აქვს იმის შიში, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები უცებ გადაწყვეტენ, რომ უკრაინა-საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდნენ.

 

„რუსეთს საკმაოდ სერიოზული ბერკეტი გააჩნია იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს დღეს. მით უმეტეს, ბაიდენმა თქვა კიდეც, რომ ნატო-ში უკრაინის წევრობა შორეული პერსპექტივაა. ნატო-ში არიან წევრი ქვეყნები, რომლებიც არც თუ პოზიტიურად არიან განწყობილი საქართველოს, თუ უკრაინის გადაუდებელ წევრობაზე. აი, ამის ანალიზია საჭირო“, – თქვა  ვოლსკიმ.

 

მისივე თქმით, საქართველოს გაცხადებული აქვს ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო სურვილი, რომ აუცილებლად გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, რაც ვინმეს წინაშე კეკლუცობა არ არის.

 

„როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ნატო-ს წევრობა გვინდა და აუცილებლად გავხდებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, ეს ვინმეს წინაშე კეკლუცობა არ არის, მაგრამ ამ ჩვენს პოზიციას უპირისპირდება აბსოლუტურად დესტრუქციული პოლიტიკური ოპონენტების პოზიცია. ამ თემაზე მაინც რომ ვიყოთ გაერთიანებული, რასაკვირველია, უკეთესი იქნებოდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ნატო-ს წევრობა, რა თქმა უნდა, საქართველოს სამომავლო პერსპექტივაა, რომ უსაფრთხოება იქნეს უზრუნველყოფილი და გარანტირებული, მაგრამ რეალურად, ჩვენმა პარტნიორებმა ამისთვის ველი უნდა მოასუფთაონ და მაშინ მიიღონ გადაწყვეტილება.

 

„ჩვენ რომ მუდმივად ვსაყვედურობთ, კარი ღია გაქვს, ჩვენ ვაკაკუნებთ და ა.შ, ეს საზოგადოებაში არასერიოზულ განწყობებს უწყობს ხელს“, – განაცხადა მან.

 

 

წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები