პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: დღეს საქართველო დამოუკიდებელია - ამას რუსეთმა ვერაფერი უყო და ვერაფერს უზამს

23.02.22 18:00


„იუნკრებმა, სინამდვილეში, გაიმარჯვეს, რამეთუ დაგვიტოვეს მაგალითი და ამ მაგალითზე ჩვენ უნდა ვზრდიდეთ დღეს ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებსაც უნდა ესმოდეთ, რომ რიცხოვნობას მნიშვნელობა არ აქვს, თუ იცი რისთვის იბრძვი და რისი გწამს. ეს დღე რეალურად გლოვის დღე არ არის და არც 25 თებერვალი და არც 9 აპრილი არ უნდა იყოს გლოვის დღე, ყველა ეს თარიღი ჩვენი გამარჯვების დღეა, რამეთუ დღეს ჩვენ ვართ, როგორც დამოუკიდებელი საქართველო და ამას რუსეთმა ვერაფერი უყო და ვერაფერს უზამს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პარლამენტის სასახლის ფასადზე, გვირგვინით შეამკო იუნკერთა მემორიალური დაფა, რომელიც მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის პერიოდში, 2018 წლის 24 თებერვალს, სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით და თბილისის მერიის თანადგომით გაიხსნა.

 

მან ეროვნული თანხმობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

„ეს დღეები იმაზე დაფიქრების დღეებია, ვაკეთებთ თუ არა ყველაფერს იმისთვის, რათა საუკუნეების შემდეგ, მომავალმა თაობებმა ჩვენც გამარჯვებულები გვიწოდონ.

ყველაფერს ვაკეთებთ თუ არა იმისთვის, რომ ახალგაზრდობას გადავცეთ ის სულისკვეთება, რომელიც ამოძრავებდა მარო მაყაშვილებს, გივი ღამბაშიძეს, მთელ მაყაშვილების ოჯახს და სხვებს ვინც იქ იბრძოდნენ. ნუთუ სკოლებში ქვეყნის სიყვარულს ვასწავლიდით, ნუთუ ჩვენ სახელმწიფოებრივად გვაქვს ის პერსპექტივა, მომავლის ის ხედვა, რასაც ჰქვია ეროვნული იდეოლოგია და რის გარეშეც ქვეყანა ვერ გაიზრდება. ნუთუ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ ჯარშიც იყოს ის სულისკვეთება, რომლის გარეშე ჯარს შეიძლება ბევრი იარაღი ჰქონდეს, მაგრამ არ ჰქონდეს ის მთავარი, რაც მას ამოძრავებს. ნუთუ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სახელმწიფო დავაყენოთ ყველაფერზე ზემოთ, პარტიების ზემოთ, პირადი ინტერესების ზემოთ, სიძულვილის ზემოთ და მიხვდეთ, რომ ეროვნული თანხმობის გარეშე ჩვენ ვერ ვიქნებით ხვალ ის, რაც ვართ დღეს და ეს არის ჩვენი ნამდვილი ძალა. და ეს ძალა ყოველდღიურად უნდა გაძლიერდეს, ყოველდღიურად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენ ვიყოთ იმ იუნკერების ღირსი ქვეყანა, რომლებიც კოჯრის მთაზე იბრძოდნენ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

დღეს იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. კოჯორ-ტაბახმელასთან განვითარებული მოვლენებიდან 101 წელი გავიდა.

 

იუნკერები 1921 წლის 18-25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ იაღლუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.

 

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები