ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში წილი XXXI

19.10.16 19:50


პროფ.თინა იველაშვილი
ქალაქ ახალციხის შემოგარენი
( ნასოფლარი მოღნისი )

ყოველი დასახლებული პუნქტისა და მისი შემოგარენის ისტორიული წარსულის შესწავლას არა მხოლოდ წმინდა მეცნიერული, არამედ ამ ბოლო ხანს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ეთნო- პოლიტიკური და ეთნო-სოციალური დატვირთვაც გააჩნია.

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ-ეკონომიკური ცენტრის ქალაქ ახალციხის შემოგარენი დღემდე საგანგებო კვლევის სფეროში არ მოქცეულა. მართალია, არსებობს მცირეოდენი მონაცემები, მაგრამ ერთიანი სურათის წარმოჩენისთვის ეს საკმარისი არ არის. წარმოდგენილ ნაშრომში ჩვენ შესწავლის ობიექტად ავირჩიეთ ახალციხის შემოგარენში მოქცეული ერთ-ერთი ისტორიული ნასოფლარი „მოღნისი“. აქვე გვინდა გავაკეთოთ მცირეოდენი შენიშვნა სახელწოდების შესახებ. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში „იგი მოხსენიებულია როგორც „მოღნი“, სხვა წყაროებში კი „მოღნის“-ად. ვინაიდან უფრო მეტად ხმარებაშია სახელწოდება „მოღნისი“, ამიტომ ამ ნასოფლარს ჩვენც ამ სახელით მოვიხსენიებთ. მის შესახებ წყაროებში ფრაგმენტული და ზერელე ცნობები მოგვეპოვება. შედარებით სრული ინფორმაციაა „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“, XX საუკუნის 20-30-იან წლების ბოლნისის (ნასოფლარის) საინტერესო აღწერილობა დაგვიტოვეს გ. ჩიტაიამ და გ. ბოჭორიძემ. 90-იანი წლების დასასრულს გამოქვეყნდა ც. მესხიშვილის სტატია, რომელიც მოღნისის ისტორიის შესწავლის მცდელობას წარმოადგენს. მიუხედავად ზემოაღნიშნული მონაცემებისა, ამ დასახლებული პუნქტის ისტორია მაინც ბუნდოვანი და შეუსწავლელია.

მდინარე ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზე, ახალციხის დასავლეთით სოფელ ივლიტას მოპირდაპირე მხარეს უნდა არსებულიყო დასახლებული პუნქტი მოღნისი. მართალია, სადღეისოდ იგი აღარ არსებობს, მაგრამ მის შესახებ წერილობით წყაროებში მოგვეპოვება გარკვეული ცნობები. პირველ რიგში ჩვენ მხედველობაში გვაქვს XVI საუკუნის ბოლოს თურქულ ენაზე შედგენილი საგადასახადო დოკუმენტი „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“.

აღნიშნული დავთრის შედგენის დროს მოღნისი უკვე ნასოფლარს წარმოადგენდა.

მიუხედავად სოფლის გავერანებისა, ნასოფლარს მაინც შეწერილი ჰქონდა გარკვეული რაოდენობის გადასახადი 1000 ახჩის რაოდენობით. აკად. ს. ჯიქიას ვარაუდით, „სოფელი აქ ტექნიკური ტერმინია საგადასახადო ერთეულის აღმნიშვნელი.“ ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ რადგან დავთარში ნახსენებია არა სოფელი, არამედ სოფელ მოღნისის ეკლესია, აქ საქმე უნდა გვქონდეს მოქმედ ეკლესიასთან (ან ეკლესიებთან. სოფელ მოღნისის ტერიტორიაზე მეორე ეკლესიაც არის), რომელიც გადასახადს იხდიდა, რადგან მისი მრევლი, როგორც ჩანს, გარშემო მდებარე სოფლების მოსახლეობა იყო. ჩვენი ვარაუდის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ არც წერილობითი წყაროებითა და არც არქეოლოგიური მონაცემებით ამ ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებზე სხვა სალოცავის ნაკვალევი არ ჩანს. XIX საუკუნის წერილობით მონაცემებში ნასოფლარი მოღნისი ახალციხის გარეუბნადაა მიჩნეული. ნასოფლარმა მოღნისმა და ორმა ეკლესიამ გარკვეული მიზეზების გამო (კერძოდ, ამ ეკლესიების დაპატრონებას 1828-30 წლებში არზრუმიდან გადმოსახლებული სომხები, რომელთა ნაწილი ნასოფლარის მახლობლად დასახლდა, ცდილობდნენ და დღესაც ცდილობენ ) XIX საუკუნის მე-2 ნახევრიდან ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ერთი ნაწილის ყურადღება მიიქცია.

1924 წელს ქვაბლიანის ხეობაში იმოგზაურა აკად. გ. ჩიტაიამ. მან სხვა ძეგლებთან ერთად ნასოფლარ მოღნისის ეკლესიებიც მოინახულა და გარკვეული აღწერილობაც დაგვიტოვა. „მოვინახულე მოღნისი, იქ ორი პატარა ტაძარია, ერთი ნახევრად დანგრეული, წითელი ქვით ნაგები, მას დასავლეთით ერთი კარი ჰქონია, ორიც ფანჯარა. დასავლეთით კედელს ატყვია რაღაც ქანდაკების მსგავსი, თოკის ჩუქურთმით.

მეორე ეკლესია ძველის განახლებას წარმოადგენს. შიგ დაცულია სანთლები, ხატები უჩარჩოდ და სომხური ნახატები. აქვეა შეწირულობები: თმები, ძაფები, ნაჭრები. დღესასწაული ეკლესიისა დანიშნულია კვირაცხოვლობიდან ამაღლებამდე, აგრეთვე - 15 აგვისტოს ძვ. სტილით. აქვე გდია წითელი ფართო ქვა, შუაში ამოჭრილი ნახვრეტებით“ . ერთი შეხედვით, ეს აღწერილობა თითქოს ძალიან მშრალია, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით, ბევრი რამის მანიშნებელია ( ამის შესახებ ცოტა ქვემოთ).


გ. ბოჭორიძის აღწერით, „მოღნისის ეკლესია ერთნავიანი შენობაა, 4,6 x 2,7 მ. იგი ნანგრევია. დგას მარტო კედლები, ისიც გარეთა პირის ქვა შემოცლილი.

თაღიდან შენახულია ჩრდილოეთის ნახევარი. კარი ჰქონია დასავლეთით, დღეს ეს ნაწილი გაგლეჯილია; სარკმელი აღმოსავლეთით, დასავლეთით და ვგონებ სამხრეთით - 1, შიგნით, ჩრდილოეთ კედელს, ძირს აქვს სანათლავი. ტრაპეზი არის ნაგები ქვითკირისგან. გარეთა პირი უბრალო თლილი ქვა ყოფილა. ეკლესიის დასავლეთ მხარეს კარის მარჯვნივ მაღლა შერჩენია რაღაც გამოსახულების ( ცხვრისა ? ) ნაშთი ( თავი ? ). პირის ქვა გარედან მოწითალო არის: ის შერჩენია აღმოსავლეთ კედელს და სამხრეთ კედელს - აღმოსავლეთ ნახევარში, ქვების წყობა სწორხაზოვანია. ნაგებია ჩაკირვით: სამხრეთი სარკმლის ადგილი გადანგრეულია; ეკლესიას სამხრეთით, აღმოსავლეთ ნაწილში მიშენებული აქვს ეგვტერი; იგი ნანგრევად არის, დგას მარტო სამხრეთ კედელი.

მეორე ეკლესია დგას პირველის ქვემოთ, ჩრდილოეთით, რამდენიმე ( 10 ) მ -ზე, ისიც ერთნავიანი შენობაა 4,8 x2,8 მ. ნაგებია ქვითკირისაგან. მისი დასავლეთი კედელი განახლებულია აგურით. კარი აქვს დასავლეთით -1, ეკლესია სომხურ ყაიდაზეა გამართული. საკურთხეველი 1 მ-ზეა ამაღლებული. ტრაპეზის ადგილას დგას სვეტი ოთხკუთხი, ჯვრის გამოსახულებით, სიმაღლით 1,2 მ(დაახლოებით).

საკურთხეველში არის ორი მცირე თახჩა. შუა ეკლესიაში საკურთხევლის ხაზთან ახლოს ჩრდილოეთ კედელში გამართულია სანათლავი. ეკლესია შიგნით გალესილია კირით. ეკლესიას თაღი აქვს, მაგრამ სახურავი აღარ ჰხურავს.

ორივე ეკლესია დგას ფოცხოვის მარჯვენა მხარეს, ახალციხიდან 2-3 ვერსზე, მეორე ღელეს მარჯვენა, აღმოსავლეთ მხარეს, კლდოვანი გორაკების ძირში.
მეორე ეკლესიის დასავლეთით, ეზოზე გდია დიდი ოთხკუთხა ქვა, ოთხკუთხად ამოჭრილი შუაში, იქნებ ზეთის სახდელი იყოს; ზომით არის 173x 125 x 14 სმ. ამ ქვას ერთი გვერდის მხარესაც შეჭრილები უჩანს, ამ მხარეს ის მიწით არის დაფარული.

ახალციხიდან ქვების წაღებას აპირებდა მოსკოვის მუზეუმის წარმომადგენელი კუპჩინი: Международный Музей проф, Купчин, მას წაუღია ერთი დარბაზი ახალციხიდან და აპირებდა თურმე მოღნისის ქვების წაღებას რაბათში რომ აწყვია: ორი ჯვრიანისა და ერთი წარწერიანის.“

ც. მესხიშვილი თავის სტატიაში იმოწმებს რა ივ. გვარამაძის, გ. ბოჭორიძის ცნობებს მოღნისის ეკლესიების შესახებ, აღნიშნავს: “მოღნისის ტერიტორიაზე სოფლის არსებობას ადასტურებს ეკლესიების მახლობლად შემორჩენილი ბარები, სასაფლაოები, ხოლო გ. ბოჭორიძე, თავის „მოგზაურობაში“ მოღნისში ჯერ კიდევ შემორჩენილ ყორეებსა და ნამოსახლარებზე, პურის ხაროებსა და ერთ-ერთ ეკლესიასთან ზეთის სახდელ გელაზის ქვის არსებობაზე მიუთითებს.“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის ეთნოლოგიის კათედრა, სტუდენტების მონაწილეობით, წლების განმავლობაში სწავლობს ახალციხის შემოგარენის წარსულს. ბუნებრივია, წერილობით მონაცემებზე დაყრდნობით, ნასოფლარი მოღნისიც მოექცა ამ კათედრის ყურადღების არეალში და დეტალურად იქნა შესწავლილი. აღნიშნული ეკლესიები, ხალხში შემორჩენილი „და-ძმის ეკლესიების“ სახელწოდებით, დღესაც არსებობს და მეტად სავალალო მდგომარეობაშია. ეკლესიების მახლობლად ც. მესხიშვილის მიერ მითითებული ბაღებისა და სასაფლაოების ნაკვალევი არსად არ ჩანს, არც გ. ბოჭორიძე მიუთითებს მოღნისში ჯერ კიდევ შემორჩენილ „ყორეებსა და ნამოსახლარებზე, პურის ხაროებზე და გელაზის ქვების არსებობაზე“. გელაზის ქვასთან დაკავშირებით იგი მხოლოდ „დიდ ოთხკუთხედ, შუაში ოთხკუთხედად ამოჭრილ ქვას აფიქსირებს და აღნიშნავს, იქნებ ეს ზეთსახდელი იყოს. ამ ქვის ერთი გვერდის მხარესაც შეჭრილები უჩანს, ამ მხარეს ის მიწით არის დაფარული. არც აკად. ჩიტაია მიუთითებს სასაფლაოს, ნამოსახლარების, ყორეების და პურის ხაროების შესახებ, რაც შეეხება გელაზის ქვას, მასზე წერს: “აქვე გდია წითელი ფართო ქვა შუაში ამოჭრილი ნახვრეტებით.“

ამ ეკლესიის მახლობლად რაიმე ყორეები, ნამოსახლარები, ხაროები, სასაფლაო რომ ყოფილიყო არც ერთ მკვლევარს (გ.ჩიტაია, გ. ბოჭორიძე), არ გამორჩებოდა და მათ შესახებ უთუოდ რაიმეს იტყოდა.

სასაფლაოს არსებობასთან დაკავშირებით (რომელზეც მხოლოდ ც. მესხიშვილი მიუთითებს) ჩვენი ყურადღება მიიქცია შემდეგმა გარემოებამ. მდინარე ფოცხოვის ხეობიდან 500-6000 მეტრის სიღრმეში ეკლესიების ქვემოთ ბორცვის ძირას შუაზე გადატეხილი ბრტყელი მოწითალო ფერის ქვა არის ახლად ჩასმული. მასზე სომხური წარწერაა გრაბარით შესრულებული. ქვა რომ გადატეხილია, ეს აშკარად ეტყობა წარწერასაც და თვით ქვასაც.

ამავე ხეობაში ამ პირველი ქვისაგან დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით დასავლეთით არის კიდევ მეორე ქვა სომხური წარწერით და ჯვრის გამოსახულებით (მისი ზომებია: სიგრძე დაახლოებით 65 სმ, სიგანე-45 სმ, სიმაღლე -35 სმ). ეს ქვაც შუაზეა გადატეხილი, რადგან როგორც წარწერას, ისე საკუთრივ ქვას, გადაჭრის კვალი აშკარად ემჩნევა. იგი მიწაში 4სმ-ის სიღრმეზეა ჩასული. მის ირგვლივ სხვა საფლავების რაიმე კვალი არ ჩანს.

როგორც ჩანს, ქვები სხვა ადგილიდანაა მოტანილი და აქ საგანგებოდ დადებული. გასული საუკუნის 20-30-იან წლებში ეს ქვები აქ რომ ყოფილიყო, მათ შესახებ გ. ჩიტაია და გ. ბოჭორიძე აუცილებლად აღნიშნავდნენ და არც ივ. გვარამაძეს გამორჩებოდა მხედველობიდან.

ქვების საგანგებოდ მოტანაზე და ,,დაძველებაზე“ ჩვენ ეჭვს აძლიერებს ის ფაქტი, რომ ერთ-ერთ ეკლესიასთან (რომელსაც სომხები ქართველების ეკლესიას ეძახიან) ბოლო ათწლელულის მანძლზე გაჩნდა რამდენიმე ახალი საფლავი, უმთავრესად ბავშვების, რომლებიც სომხებს ეკუთვნით. 2001 წელს ასეთი საფლავი სულ სამი იყო, 2002 წლის ზაფხულში კი მეოთხეც დაემატა.

როდესაც ჩვენ თანმხლებს ვკითხეთ, ,,ქალაქს აქვს ოფიციალურად მოქმედი სომხური სასაფალაო და მიცვალებულებს აქ რატომ ასაფლავებენ“-ო, პასუხი ასეთი იყო: ,,ბავშვები მოუნათლავნი იყვნენ, სასაფლაოზე წასვლა დაეზარათ და აქვე დამარხესო“. ეს პასუხი, რა თქმა უნდა, ალოგიკურია, რადგან სომხები ე.წ. ,,მოუნათლავ“ მიცვალებულებს ქართული ეკლესიის ახლოს, რამდენიმე მეტრის დაშორებით ასაფლავებენ და საფლავზე ჯვარსაც უკეთებენ.

ც. მესხიშვილი თავის სტატიაში ამგვარ დაკვნას იძლევა: „ახალციხის მახლობლად არსებული მოღნისად წოდებული ნასოფლარი ერთ დროს ჯაყელების მფლობელობაში შემავალი ერთ-ერთ უძველეს დასახლებას წარმოადგენდა, ამჟამად კი მხოლოდ ორი ეკლესია და რამდენიმე საფლავის ქვა გვიდასტურებს მის არსებობას“(13). საინტერესოა რომელი საფლავის ქვა აქვს მხედველობაში? სომხურ წარწერიანი შუაზე გადატეხილი ორი ქვა? რომელთა წარწერა საკმაოდ ახალი და თვით ქვაც გვიანდადებულის შთაბეჭდილებას ტოვებს. ყოველივე ეს ხომ არ არის იმის მცდელობა, რათა შეიქმნეს საზოგადოებრივი აზრი თითქოს აქ უძველესი დროიდან სომხური სასაფლაო არსებობდა და ამიტომ ხელისუფლების უნებართვოდ დაიწყეს აქ მიცვალებულთა ხელახლა დასაფლავება. თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ, ეკლესიებიც სომხური აღმოჩნდება. ამის მტკიცების სურვილი უკვე XIX საუკუნის მე-2 ნახევრიდან გაჩნდა, რის შესახებაც განგაშის ზარი ივ. გვარამიძემ შემოჰკრა.

ივ. გვარამაძის გულისტკივილს მაშინვე გამოეხმაურა დეკანოზი დ. ხახუტაშვილი და წერილობით მიმართა კიდეც.

ღირსო მამაო იოანე!

მართალია, ჩვენ როგორღაც ვერ შევეტკბით ერთმანეთსა და ვინ არის ან რა არის ამაში მიზეზი ეს უზენაესმა მსაჯულმა იცოდეს, მაინც მე მსურს გაგიბედო მცირედ შეგაწუხოთ და რადგანაც საგანი, რამაც გამოიწვია ეს წერილი, არის საზოგადო-საყურადღებო, ამის გამო იმედი მაქვს პიროვნულს ანგარიშებას თავს დავანებებთ და საგანს შესაფერის სანუკვარობით მოვეკიდებით.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენთა წურბელათ სომეხთა სურთ დაეპატრონენ არამც თუ მარტო ჩვენ ჯიბეებსა, ხელი გაიწვდინეს ჩვენი სულიერი და სარწმუნოებრივი ნივთისკენაც - სახელითა, მრავალთა შორის აღარა მალავენ და ცხადად ეპატრონებიან მოღნისის ეკლესიებსა და ეს თავისი სურვილი ცხადად დაგვანახვეს (ხაზგასმა ჩვენია-თ. ი.).

თქვენ ბრძანებთ რამდენჯერმე, რომ იქიდან არის გამოტანილი ხუცურად წარწერიანი ქვა და ინახება იგი თქვენდა რწმუნებული წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ეზოში. გთხოვთ მცეთ პატივი შეწუხდეთ და გამომიგზავნოთ მისი წარწერა და მასთან ცნობები, როდის გამოიტანეს, ვინ გამოიტანა, რით გამოიტანეს. აგრეთვე როგორ ხსნით იქ ნაპოვნ წარწერას სომხურად, როგორც საფლავების ქვებზედ, ისრე ერთის კედლის ქვაზედ. გაქვთ რამე ცნობები შესახებ იმისა, როდის აშენებულან იგინი და ვისრან აღშენებულა ქართველებისაგან თუ სომხებისაგან. რათა ჰქვიან მოღნისის ეკლესიები. იმის ცოტა ზევით, რომ ნასოფლარია, რა ჰქვიან, ვინა ცხოვრობდა, როდის გადასახლდნენ და არის ვინმე ეხლაც ცოცხალი, ვისაც იქ უცხოვრია თუ არა. მე იმ რწმენისა ვარ, რომ სრულებით არაფერი საფუძველი არ აქვთ სომხებს მასზედ... (ხაზგასმა ჩვენია- თ. ი.).
მიიღეთ ჩემი უღრმესი პატივისცემა და მოკითხვა. თქვენი მდაბალი
დეკანოზი დ.ხახუტაშვილი
25 ნოემბერს
1886 წელსა
ქ. ახალციხე“

რამ შეაშფოთა ერთმანეთზე დანასისხლად გადაკიდებული ორი ქართველი საზოგადო მოღვაწე? საქმე იმაშია, რომ 1828 წლიდან ახალციხეში თურქეთიდან შემოსულმა სომხებმა ეკლესიების დაპატრონებაც მოინდომეს და რა თქმა უნდა, არც მოღნისის ეკლესიები იქნებოდა გამონაკლისი. ეს რომ ასეა, ამის შესახებ გ. ბოჭორიძეც მიუთითებს, რომელმაც 1933-34 წლებში იმოგზაურა სამცხე-ჯავახეთში. ერთ-ერთ ეკლესიას ამ დროისათვის უკვე სომხები ეპატრონებოდნენ. „მეორე ეკლესია დგას პირველის ქვემოთ ჩრდილოეთით რამდენიმე (10) მ-ზე...მისი დასავლეთი კედელი განახლებულია აგურით, ეკლესია სომხურ ყაიდაზეა გამართული.“ შეიძლება ითქვას, რომ სადღეისოდ მეორის მითვისებისა და საერთოდ, მთლიანი ნასოფლარის „გასომხების“ მიზნით ეკლესიისაგან 2-3 მეტრის დაშორებით უკანონოდ-ჩუმად, „მარხავენ მიცვალებულებს. სასაფლაოს „დაძველებისათვის“ კი სომხურ წარწერიანი საფლავის ქვების სხვა ადგილიდან გადმოტანასაც არ თაკილობენ.

ჩვენ დაგვაინტერესა თუ რომელი წმინდანების სახელზე იყო ეს ეკლესიები აგებული და თუ იმართებოდა რაიმე დღეობები. მოსახლეობაში მასალა ვერ მოვიძიეთ. წერილობითი მონაცემებიც არაფერს გვეუბნება. მხოლოდ აკად. გ. ჩიტაიას მცირე, მაგრამ მეტად საყურადღებო ცნობები, რაც სრულიად განსხვავებულია ც. მესხიშვილის მონაცემებისაგან.

აკად. გ. ჩიტაიას მითითებით „დღესასწაული ეკლესიისა დანიშნულია კვირაცხოვლობიდან ამაღლებამდე, აგრეთვე 15 აგვისტოს ძვ. სტ . ც. მესხიშვილის მტკიცებით კი „ისევე როგორც თბილისის მოღნისი ახალციხის მოღნისიც დროის გატარებისა და გართობის ადგილად იყო მიჩნეული წლების განმავლობაში. ამას ადასტურებს მოსახლეობაში დღემდე შემორჩენილი ხალხური ტრადიციები. მოღნისის ეკლესიასთან მაისის თვეში ყოველწლიურად იმართებოდა, ე.წ. „მოღნისობის“ დღესასწაული. ადგილობრივი მოსახლეობა მიდიოდა აქ საკლავით გასართობად და დროის სატარებლად, მაგრამ არა მარტო საეკლესიო დღეობებზე, არამედ სხვა დღეებშიც. უქმეებში აქ საგანგებოდ მოდიოდნენ ოჯახები, სანთლებს აანთებდნენ, პურ-მარილს გაშლიდნენ და მუსიკის თანხლებით ცეკვა-თამაშს გააჩაღებდნენ. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოღნისობას მაისობა (რუს. Майовка ) უწოდეს. 2 მაისს საგანგებოდ ემზადებოდა ქალაქის მოსახლეობა მოღნისის ეკლესიასთან დროს გასატარებლად. მოღნისის ეკლესიასთან ყოველწიურად მაისის თვეში აღინიშნებოდა ე.წ. „მოღნისობის“ დღესასწაული, რომელიც ახალციხელებისათვის საყვარელ გასართობ და დასვენების ადგილს წარმოადგენდა.

ჩვენთვის უფრო ბევრის მთქმელი და დამაჯერებელია აკად. გ. ჩიტაიას ცნობები თუ რომელი წმინდანების სახელთანაა დაკავშირებული ეკლესიები. როგორც ზემოთ გვაქვს მითითებული, „დღესასწაული ეკლესიისა დანიშნულია კვირაცხოვლობიდან ამაღლებამდე აგრეთვე 15 აგვისტოს ძვ. სტ. ცნობილია, რომ ამ პერიოდში კერძოდ 6 მაისს სამხრეთ საქართველოს მთელ რიგ სოფლებში ტარდებოდა უდიდესი რელიგიური დღეობა „გიორგობა“. როგორც ჩანს აკად. გ. ჩიტაიას ეს დღეობა უნდა ჰქონდეს მხედველობაში. ჩვენი ვარაუდი თუ სწორია, მაშინ მოღნისის ნასოფლარის ერთ-ერთი ეკლესია წმინდა გიორგის სახელზე ყოფილა აგებული. მეორე ეკლესია კი ღვთისმშობლის სახელობის, რადგან მისი დღეობა 28 აგვისტოს (15 აგვისტოს ძვ. სტ ) იმართებოდა.

თუ შევაჯამებთ ყოველივე ზემოთქმულს შეიძლება დავასკვნათ, რომ სოფ. მოღნისი XVI საუკუნემდე ქართული მოსახლეობით დასახლებულ პუნქტს წარმოადგენდა. აქ არსებული ეკლესიები (ე.წ. და-ძმის ეკლესია) ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის სახელზე იყო აგებული და შესაბამისად რელიგიური დღეობებიც მათ სახელს უკავშირდებოდა (6 მაისი, 28 აგვისტო).

რაც შეეხება დღეობა „მოღნისობას“ (Майовка ) რომელიც 2 მაისს იმართებოდა იგივე დიდი სამამულო ომში დაღუპულ მეომართა საპატივცემულოდ დაწესდა საბჭოთა ხელისუფლების დროს 60-იანი წლებიდან და მას „შინმოუსვლელთა დღე“ ეწოდა. ამდენად მისი დაკავშირება-გაიგივება მოღნისის ეკლესიების რომელიმე დღეობასთან და ისევე როგორც სასაფლაოების „დაძველების“ მცდელობა, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულად მიგვაჩნია.

წაკითხულია : 1261


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები