მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის მზადყოფნას, რუსული გაზის საფასური რუბლებში გადაიხადოს, „არამეგობრული აქტი“ უწოდა

07.04.22 13:20


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „არამეგობრული აქტი“ უწოდა უნგრეთის მზადყოფნას რუსული გაზის საფასური რუბლებში გადაიხადოს. ოფიციალურმა კიევმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტის პოზიცია, რუსეთის სასტიკი დანაშაულების ბრალდებებთან დაკავშირებით, აძლიერებს რუსეთის დაუსჯელობის გრძნობას და ახალისებს რუსეთს „ჩაიდინოს ახალი სისასტიკე უკრაინელების წინააღმდეგ“.

 

„თუ უნგრეთს ნამდვილად სურს ომის დასრულებაში დახმარება, აი, როგორ უნდა მოიქცეს ის: შეწყვიტოს ევროკავშირში ერთიანობის განადგურება, მხარი დაუჭიროს ახალ ანტირუსულ სანქციებს, გაუწიოს სამხედრო დახმარება უკრაინას და არ შექმნას რუსული სამხედრო მანქანის დაფინანსების დამატებითი წყაროები. არასოდეს არ არის გვიან ისტორიის სწორ მხარეზე მოხვედრა", - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ.

 

თავის მხრივ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ დაადასტურა, რომ უნგრეთის ატომური ელექტროსადგურებისთვის საწვავი რუსეთიდან საჰაერო გზით ჩავიდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრამ შეუძლებელი გახადა მისი რკინიგზით ტრანსპორტირება.

 

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უნგრეთი მხარს არ უჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროპულ ენერგეტიკულ სანქციებს. მისივე თქმით, რაიმე სანქციების დაწესება ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ასევე იქნება "წითელი ხაზი" უნგრეთისთვის.

 

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უნგრეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობა გაიზარდა. არჩევნებში კიდევ ერთხელ გამარჯვების შემდეგ, ვიქტორ ორბანმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთ-ერთ „მოწინააღმდეგედ“ მოიხსენია. ზელენსკიმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ორბანს ეშინია მოსკოვის და უნგრეთის პრემიერმა უნდა გააკეთოს არჩევანი რუსეთსა და „სხვა სამყაროს“ შორის.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები