ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი XXXII თავი I

20.10.16 21:00


ბონდო არველაძე
სომხეთის ჩრდილოეთის კარიბჭე
ჯავახქ, ლორი

სამშობლო ღმერთზე მეტია,
სამშობლოზე მეტი--ეკლესიაა,
ეკლესიაზე მეტი--ტიგრან დიდია,
ტიგრან დიდზე მეტი დიდი სომხეთია!
სილვა კაპუტიკიანი

ჩვენი შრომის შესავალში აღვნიშნეთ, სხვისი სამხედრო გამარჯვების და მიწების მიტაცების სურვილი სომეხ ისტორიკოსებს მოვსეს ხორენაცმა შეყარა და ეს დაავადება მათ გონებაზე დღემდე ღრმა იარად რჩება. სამწუხაროდ, ეს სომეხი ერის ერთ ნაწილსაც მოედო და ძვალ-რბილში ისე ღრმად გაუჯდა, რომ მისგან განკურნება არც არასდროს მოსვლია აზრად. ავადმყოფური ისტორიზმი, თვით განდიდების მანია და სამყაროს მპყრობელის იდეაფიქსი „ველიკაია არმენიის“ აღდგენის ფუჭი ოცნების საფუძველთა საფუძველია. კიდევ უფრო სავალალოა, რომ თანამედროვე სომეხი ისტორიკოსები ამ ტრადიციას დღეს აგრძელებენ და საქართველოს ისტორიას და მის მიწებს ეპოტინებიან. ამის ერთ-ერთი ტიპიური ნიმუშია კრებული--„სომხეთის ჩრდილოეთის კარიბჭე--ჯავახქ, ლორი“ (ერევანი, სომხ. ენაზე, 2010, გვ. 576 ), რომლის რედაქტორია ედუარდ ზოჰრაბიანი, სომხეთის მიმდებარე ტერიტორიების ისტორიის კათედრის დოცენტი. თურმე ასეთი კათედრაც ყოფილა ერევანში. ახლა ვიკითხოთ, რომელია სომხეთის მიმდებარე ტერიტორიები. ეს არის სამცხე-ჯავახეთი, მესხეთი და წალკა.

აღარას ვამბობ ყარაბაღზე--მას აზერბაიჯანელი ისტორიკოსები მიხედავენ, ჩვენ ჩვენსას მოვუაროთ. კრებულის სათაურშივე ჯავახეთი სომხურად არის გამოცხადებული. რაც შეეხება ქართულ ლორეს, თუ როგორ მოხვდა იგი საბჭოთა სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებში, ამაზე უკვე ვთქვით.
ახლა მივხედოთ კრებულს, რომლის შესავალი ეკუთვნის ედუარდ ზოჰრაბიანს, სომხეთის მიმდებარე ქართული ტერიტორიების მითვისების „სპეციალისტს.“ იგი შესავალს ასე იწყებს: „ისტორიული სომხეთის, გუგარქის ქვეყნის შემადგენლობაში იყო ჯავახქის მიწა და შეადგენდა მშობლიური სომხეთის განუყოფელ ნაწილს‘’ (გვ. 4 ). შემდეგ განაგრძობს: „ათასეულობით წლების განმავლობაში სომეხი მოსახლეობა და სომხურად მოლაპარაკე ჯავახქი მისი მდიდარი ისტორიულ-კულტურული ძეგლებით, ეკლესიებით, მატურებით, ხაჩქარებით, სადაც არის ჯავახქის სომხების წინაპართა წმინდა საფლავები--ისტორიული გარემოების გამო და ხელოვნურად მოწყვიტეს დედა სამშობლოს და 1921 წელს მიუერთეს საბჭოთა საქართველოს (გვ. 4). ამას აცხადებს ჰაიჰარად და იქვე გულაჩუყებული წერს: „ქართველი და აზერბაიჯანელი ისტორიკოსები, ხალხთა ინტერნაციონალურ ქოლგას თავშეფარებულნი, მასიურად სპობენ სომხეთის ისტორიის მრავალრიცხოვან ფურცლებს და ქმნიან საკუთარ ყალბ ისტორიას ‘’ (გვ. 5). ამას კი წერს, მაგრამ ქრთილისოდენი საბუთი არ მოაქვს საკუთარი ე.წ. მოსაზრების დასამტკიცებლად. ვერც მოიტანს, რადგან ჯავახეთი ოდითგან ქართული მიწა იყო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა მოვსეს ხორენაცის ხსენებაც არ იყო, ისტორიის გარიჟრაჟზე, ჯავახეთის მიწა ქართველი მეფის, მცხეთოსის შვილის საუფლისწულო მამულს წარმოადგენდა. მოვუსმინოთ ლეონტი მროველს: „მცხეთოსმა ჯავახოსს მისცა ფანავრიდან ვიდრე თავამდე მტკვრისა და ამან ჯავახოსს აღაშენა ორნი ციხე-ქალაქნი: წუნდა და ქალაქი არტაანისა, რომელსა მაშინ ერქუა ქაჯთა ქალაქი, ხოლო აწ ჰქვიან ჰური“ ამას წერს სომხოფილად აღიარებული ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი (XI საუკუნე) ამ ცნობას ყურად არ იღებენ სომეხი ისტორიკოსები.

არც ის არის დასამალი, რომ მართალია, ჯავახეთი ოდითგან ქართული მიწა იყო, მაგრამ ხანდახან, როცა სომხეთის სამეფო გაძლიერდებოდა ხოლმე, ამ სასაზღვრო რეგიონს იპყრობდა, უფრო ზუსტად, ოკუპაციის ობიექტი ზემო ჯავახეთი ხდებოდა. მაგრამ ეს დროებითი მოვლენა იყო: საქართველო ყოველთვის იბრუნებდა თავის კუთვნილ მიწას და თუ ანექსიის პერიოდში
(მაგალითად: ტიგრან დიდის დროს II- ს ჩვენს აღ-მდე). ჯავახეთში ზოგიერთი ქართული ტოპონიმი შეიცვალა სომხურით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს მხარე სომხურად მივიჩნიოთ. რის დამტკიცებასაც ასე თავგამოდებით ცდილობენ სომეხი მეცნიერები. ეს იმდენად ნათელი ისტორიული ფაქტია, რომ ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ.

აღნიშნულ კრებულში არის ს. კარაპეტიანის სტატია „სომხეთში სომეხ ქალკედონიკების საკულტო ძეგლები და ქართული ახლადგამომცხვარი „მოთხოვნები“ (პრეტენზიები) ‘’ (გვ. 417-423)

ამჯერად ცოტა შორიდან დავიწყებ. 451 წელს ბიზანტიის იმპერატორმა მარკიანემ კონსტანტინეპოლში მოიწვია მსოფლიო საეკლესიო კრება. მასში მონაწილეობა არ მიუღია სომხეთის ეკლესიის წარმომადგენლებს. ამ კრებამ დაადგინა ქრისტეს ორბუნებიანობა და აღიარა დიოფიზიტობა. ამავე დროს დაგმო და ერეტიკოსებად გამოაცხადა მონოფიზიტები - ისინი, ვინც ქრისტეში მარტო ღვთაებრ ბუნებას ხედავდა. სომხებმა მონოფიზიტობა აღიარეს და ამ გზას დაადგნენ . მაგრამ სომეხმა კათალიკოსმა ეზრა I-მა (630-641)
დიოფიზიტობა მიიღო და კათალიკოს ჰოვჰანეს ოძუნეცამდე (717) მთელი ოთხმოცდახუთი წელი სომხები დიოფიზიტები იყვნენ . 726 წლის მანასკერტის საეკლესიო კრებამდე სომხურმა სამღვდელოებამ უარყო დიოფიზიტობა და დაუბრუნდა მონოფიზიტობას, ამდენად, ფაქტია, სომხეთი 630-717 წლებში ქალკედონური სარწმუნოების აღმსარებელი იყო. ამ ისტორიულ ფაქტს ს.კარაპეტიანიც ვერ უარყოფს. იგი წერს: სომხეთში, ქალკედონიზმის არსებობის პერიოდში (630-717) აშენდა სომხური ხუროთმოძღვრების ოქროსდარი ძეგლები, როგორიც არის - ბაგავანის წმ. ჰოვჰანესის ტაძარი (631-639), მრენის (639-640), ზვართნოცის წმინდა გიორგის ტაძარი (600-იან) წლებში, თალინის კათოლიკე დიდმაშენის წმინდა თადეოსის ტაძარი, აკორის წმინდა იაკორის (661-667) და სხვა დიდებული ტაძარი და ეკლესია.(გვ419.)

მართალც, ეს საკულტო ძეგლები ქალკედონური ხუროთმოძღვრობის საუკეთესო ნიმუშებია.

ს. კარაპეტიანი სომხეთში ქალკედონიზმის გავრცელების ისტორიულ პირობებს მოკლედ მიმოიხილავს და აღნიშნავს, არაბების სომხეთში 300 წლიანი ბატონობის პერიოდში დასავლეთ ბიზანტიის ჩრდილოეთ ნაწილში ქრისტეს ერთი ბუნების აღმსარებელი (მონოფიზიტური) მოსახლეობა, სახელმწიფო პოლიტიკის გატარების შედეგად, საქართველოს მსგავსად დიოფიზიტური (ორი ბუნების აღმსარებელი) გახდა. სომხეთმა მიიღო დიოფიზიტური სარწმუნოება. X - საუკუნეში სომხეთში უკვე იყო ქალკედონიტ მცხოვრებთა მთელი პროვინციები.

ამრიგად, 918 წელს დედოფალ დინარას ინიციატივით საქართველოში წარმატებით გაქალკედონიტდა ისტორიული სომხეთის კამბეჩოვანის (იგულისხმება : კახეთის - ბ.ა.) პროვინციის სომეხი მოსახლეობა „იქვე უმატებს: „დინარა დედოფალმა ჰერეთი მოაქცია მართმადიდებლურ აღმსარებლობაზე „ (გვ . 419). იმოწმებს ლ. მელქისეთ - ბეგის ნაშრომს „ ქართული წყაროები სომხეთის და სომხების შესახებ „ (1995 , ტ. III, გვ. 67. სომხ. ენაზე). მართალია, ჰერეთის მოსახლეობა გარკვეული ხნით იყო მონოფიზიტური, თუმცა არა მთლიანად, ეს მხარე თავიდანვე იყო დიოფიზიტური აღმსარებლობის მოსახლეობით დასახლებული. კამბეჩოვანს სომეხი ლტოლვილები თავს პერიოდულად თუ აფარებდნენ ისინი თავიანთი მონოფიზიტური სარწმუნოებით ვერავითარ ზეგავლენას ვერ ახდენდნენ ადგილობრივ ქალკედონიტ ქართულ მოსახლეობაზე, პირიქით კი ხდებოდა.

რასაკვირველია, ქართველთა, ანუ დიოფიზიტური აღმსარებლობის გავრცელებას სომხეთში, გარკვეული წინააღმდეგობა შეხვდა. მაგალითად, სომხეთის კათალიკოსი პეტროს გეტადარძი ყოველნაირად ცდილობდა სომხების დარწმუნებას, რომ დიოფიზიტური სარწმუნოება არ მიეღოთ. ამ ისტორიულ მოვლენას, მისთვის ჩვეული ტენდენციურობით, შეეხო ს.კარაპეტიანი.

ცენტრალურ და განსაკუთრებით ჩრდილო სომხეთში გავრცელდა ქალკედონიზმი.

ქალკედონიტებმა თავი მოიყარეს სომხურ - ქალკედონური ვანქების და ეკლესიების ირგვლივ, წერს იგი - და ამ ეკლესიების გარკვეული ნაწილი „ბიზანტიურ წესზე“ გადააკეთეს. (ქართულ ეკლესიას შეგნებულად არ უწოდებს ქართულს - ბ. ა.), როგორიცაა „ქართული ეკლესია “ ანში. ის იყო სომხური მონოფიზიტური ეკლესია, მაგრამ დიოფიზიტებმა გადააკეთეს ქალკედონურ წესზე, ისე როგორც ახლადაშენებული ეკლესიების გარკვეული ნაწილი (ამ ნაწილს რატომღაც არ ასახელებს) .

ცნობილი სომხური ქალკედონური ვანქები და ეკლესიები ძირითადად აგებულ იქნა ადრეულ ხანაში. მათ ჰქონდათ დამახასიათებელი იერსახე.

მაგალითად: ჰღნძაჰანქი, ჰუჯაბი, ქობაირი, ჰნევანქი და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია XII-XIII სს. აშენებული ახალი ვანქები და ეკლესიები - კირანეცი და სრველის ვანქი აღსტევის დაბლობში, თეჟარუიქის ვანქი, ეღეგნაძორის ეკლესია, ბასიანში (სოფელი ჩანგლი) და სხვა.

ს . კარაპეტიანი რამდენად ობიექტურია ამ ჩამონათვალში ეს ჩანს იმითაც, რომ ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლები - ახტალა (XIII საუკუნე) და ჰუჯაბი (XIII) სომხურ ქალკედონურ ტაძრებად გამოაცხადა. იგი სომხურ ქალკედონურ ტაძრებად თვლის, აგრეთვე, სამხრეთ დასავლეთ საქართველოს ქართულ საკულტო ძეგლებს და წერს: „ამავე X საუკუნეში ბიზანტიის პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ბატონობის შედეგად ქალკედონური გახდა აგრეთვე ტაიქის სომეხი ბაგრატუნის სამთავრო (პირიქით - ქართველი ბაგრატიონების პირვანდელი სამკვიდრო - ბ. ა.) აღსანიშნავია, როგორც წინა საუკუნეებში ისე X საუკუნეში გაქალკედონებულმა სომეხმა მცხოვრებლებმა ხუროთმოძღვრებაში დიდებულად გადმოსცეს თავიანთი სარწმუნოების იდეოლოგია და შექმნეს არქიტექტურის ისეთი შედევრები როგორიც არის - ბანაკი, იშხანი, ოშკის ტაძრები ტაიქში. ეს ხანა სომხური არქიტექტურის მეორე ოქროს საუკუნედ არის მიჩნეული. შემონახულმა ისტორიული ძეგლების კვლევა -ძიებამ დაადასტურა, რომ ასეთივე მდგომარეობა იყო მეათე - მეთერთმეთე საუკუნეებში გუგარქის დასავლეთ და ცენტრალურ პროვინციებში (არტაანი, თრეღქ (ანუ თრიალეთი - ბ .ა.), კლარჯქ (კლარჯეთი) შავშეთი, ჯავახქ, სადაც სომხები ცხოვრობდნენ.

ვიდრე ს . კარაპეტიანის მიერ ქართული ტაძრების სომხურად გამოცხადების უსაფუძვლო მტკიცებას განვიხილავდეთ, გვსურს, ჯერ ტაო- კლარჯეთის, შავშეთის და საერთოდ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის კუთვნილების საკითხს მოკლედ შევეხოთ. იგი თავგამოდებით ამტკიცებს ამ მხარის ოდითგანვე სომხურობას, თუმცა სტრაბონის ცნობით, სომხურმა ტომებმა - დერჯანი და კარინი (ამჟამად ერზერუმი) მხოლოდ ძველი წელთ აღრიცხვის 189 წლის შემდეგ დაიჭირეს. ამის შემდეგ საქართველოს და სომხეთს შორის საზღვარი არაქსზე გადიოდა (აპოლოდორი). ტიგრან II - ის დროს, ჩვენს წ. აღ - მდე პირველი საუკუნის 70-იან წლებში, სომხეთის საზღვრების შემდგომი გაფართოება ხდება. უნდა ვიფიქროთ, მაშინ იქნა დაკავებული პროვინცია სპერი, ტაო კი კვლავ დარჩა საქართველოს ფარგლებში. სომხური ტერიტორიების დაწვრილებით ჩამოთვლისას, სტრაბონი (ახალი ერის პირველი საუკუნის დასაწყისი) მათ შორის არსად და არანაირად არ მოიხსენიებს ტაოს. კიდევ არაერთი უცხოური წყაროს მოტანა შეიძლება, მაგრამ ეს ვიკმაროთ, რადგან პატიოსანი და ობიექტური მეცნიერისთვის ისედაც ცხადია ამ მხარის ოდითგან ქართულობა, რომელსაც თვით სომხური წყაროები მოწმობენ. მაგალითად: ღევონდი (VII საუკუნე) პირდაპირ წერს, რომ კოლა საქართველოს ფარგლებში იყო.

იგივე ისტორიკოსი სამცხეს ქართულ ტერიტორიას უწოდებს. ისეთი ტენდენციური ისტორიკოსიც კი როგორიც მოვსეს ხორენაცია (V), კლარჯეთს საქართველოს ტერიტორიად თვლის და ასე შემდეგ.

წაკითხულია : 505


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები