ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი ჯიხურებისთვის წესები გაამკაცრა

21.10.16 15:30


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, "ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში" მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, განისაზღვრა საყურადღებო კურსის ცნება და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვალდებულება მომხმარებლისათვის კურსისა და საკომისიოს თაობაზე ინფორმაციის მიწოდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმით, — იტყობინება ეროვნული ბანკი.

ცვლილების მიხედვით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის გაცვლის კურსის, მომსახურების საკომისიოს და საყურადღებო კურსის (ასეთების არსებობის შემთხვევაში) შესახებ. საყურადღებო კურსი — ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ განსაზღვრული კურსია, რა დროსაც ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა 3%-ს აღემატება.

ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს მომსახურების საკომისიოს და საყურადღებო კურსის შესახებ კლიენტისათვის თვალსაჩინო ადგილას (სალაროსთან და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დაფაზე) განთავსება, ყიდვა-გაყიდვის კურსის ამსახველი ანალოგიური შრიფტის ზომით. აღნიშნული წესის მიხედვით, ვალუტის ყიდვისა და ვალუტის გაყიდვის კურსების ამსახველი დაფა უნდა გაფორმდეს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნებისა და თანმიმდევრობის დაცვით.

წესში დაზუსტდა ქვითრის გაფორმების საკითხები. ამიერიდან, პუნქტი ვალდებული იქნება მომხმარებელს ხელი მოაწერინოს ვალუტის გადაცვლის ოპერაციის ქვითარზე, რაც მომხმარებელს დამატებით საშუალებას მისცემს კიდევ ერთხელ გაეცნოს მის მიერ განხორციელებული გადაცვლის ოპერაციის პირობებს.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ ინფორმაცია როგორც გაცვლითი კურსის, ისე მომსახურების საკომისიოს შესახებ.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები