ეკონომიკა

დიმიტრი ქუმსიშვილი - წელს საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი 2015 წელთან შედარებით 23%-ით, 2012 წელთან შედარებით კი 103%-ითაა გაზრდილი

21.10.16 19:25


2016 წელს საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი 2015 წელთან შედარებით 23%-ით, 2012 წელთან კი 103%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპროტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” 2016 წლის 9 თვის სტატისტიკა წარადგინა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, 9 თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში სულ 2 181 684 მგზავრია გადაყვანილი.

აეროპორტების მგზავრთა ნაკადის შესახებ დეტალური სტატისტიკა „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა ქეთევან ალექსიძემ წარადგინა.

”აეროპორტების ბაზრის წილი შეადგენს: თბილისის საერთაშორისო აეროპროტი - 79,1%, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი - 12,4%, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - 8,4%, მესტიის აეროპორტი - 0,14%. 2016 წელს საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი 2015 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 23%-ით გაიზარდა. ხოლო, 2012 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 103%-ით არის გაზრდილი”, - განაცხადა ალექსიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს აეროპორტებში ამჟამად 33 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ავიარეისებს 20 ქვეყნის 46 მიმართულებით ასრულებენ.

”შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს 31 ავიაკომპანია. რეისები სრულდება 36 მიმართულებით. 2016 წელს დაემატა 5 ახალი ავიაკომპანია, კერძოდ Qeshm Air, Ata, El Al, Taban Airline, Zagros Airlines და 4 ახალი მიმართულება - ისპაჰანი, დამამი, პეკინი, ბაჰრეინი. ოქტომბერსა და ნოემბერში სამი ახალი ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას - Turkmenistan Airlines - აშხაბადის მიმართულებით, კვირაში სამი სიხშირით; როსტოვის მიმართულებით Pobeda, რომელიც რეისებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს და ავიაკომპანია Dart-ი, რომელიც კიევის მიმართულებით კვირაში ორჯერ იფრენს”, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, როგორც ქეთევან ალექსიძემ განმარტა, აქ 16 ავიაკომპანია ოპერირებს და რეისები 15 მიმართულებით სრულდება.

”2016 წელს დაემატა 6 ახალი ავიაკომპანია, კერძოდ EL AL, Scat Airlines, Airarabia, Ata, Taban Airline, Bravo Airways და 4 ახალი მიმართულება -აქტაუს, შარჟას, სანკტ. პეტერბურგისა, თეირანის მიმართულებით. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი 4 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც რეისებს 15 მიმართულებით ახორციელებენ. ავიაკომპანია WizzAir-ის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული თვითმფრინავი ავიარეისებს ასრულებს 7 ახალი მიმართულებით, ესენია: ბერლინი, მიუნხენი (მემმინგენი), დორტმუნდი, მილანი, ლარნაკა, სოფია”, - განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.

რაც შეეხება თამარ მეფის სახელობის მესტიის ადგილობრივ აეროპორტს, როგორც მან აღნიშნა, 2016 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში მესტიის მიმართულებით 3 105 მგზავრია გადაყვანილი.

”მესტიის მიმართულებით შესრულდა 129 ავიარეისი. აქედან მგზავრთა 44% იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე; რაც შეეხება რეისებს ნატახტარიდან - მესტიის მიმართულებით კვირაში 6 ჯერ სრულდება რეისები, ქუთაისიდან კი კვირაში 2 სიხშირით”, - განმარტა ქეთევან ალექსიძემ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები