პოლიტიკა

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ შეფასებით, საანგარიშო პერიოდში პარლამენტმა რიგი კანონები მიიღო, რომელიც პოლიტიკური კორუფციის ან კონსტიტუციასთან შეუსაბამობის ნიშნებს შეიცავს

19.05.22 13:20


„დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ“ „საქართველოს პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო და რიგგარეშე სესიების საქმიანობის ანგარიშისა" და ორგანიზაციის შექმნილი დეპუტატთა პროფილების პორტალის პრეზენტაცია გამართა.

 

მათი შეფასებით, საანგარიშო პერიოდში პარლამენტმა რიგი კანონები მიიღო, რომელიც პოლიტიკური კორუფციის ან კონსტიტუციასთან შეუსაბამობის ნიშნებს შეიცავს.

 

ორგანიზაციის განმარტებით, ასეთია კოვიდრეგულაციების დარღვევის ფაქტების ამნისტია, ასევე, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები.

 

როგორც „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოში" აღნიშნავენ, საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვანი კანონპროექტები დაუსაბუთებლად დაჩქარებულად მიიღებოდა, ხოლო დაინტერესებული პირები პრობლემურ საკითხებზე დეპუტატებისგან პასუხებს უმეტესად ვერ იღებდნენ.

 

„პარლამენტში კვლავ შეჩერებულია რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები - საარჩევნო სისტემის კონსტიტუციური რეფორმა, სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნება, ოპოზიციის ინიციატივები სასამართლო რეფორმის შესახებ. პარლამენტმა უკან წაიღო ამავე ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები.

გარდა ამისა, შეინიშნება პარლამენტის მოწყვლადობა მთავრობის წინაშე: პარლამენტი არ იყენებს თანამდებობის პირების დაბარებისა და მოსმენის არცერთ ინსტრუმენტს, გარდა „მინისტრის საათის" სავალდებულო ინსტრუმენტისა. რიგ საზედამხედველო ინსტრუმენტებს პარლამენტი არ იყენებს. საანგარიშო პერიოდში პარლამენტმა დანიშნა 7 თანამდებობის პირი. პარლამენტში წარმოდგენილი 12 პარტიის მიუხედავად, არც ერთი თანამდებობის პირი მრავალპარტიული მხარდაჭერით არ დანიშნულა",-აღნიშნულია ანგარიშში.

 

როგორც "დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ეკა ციმაკურიძე აღნიშნავს, ხელისუფლება სასამართლო სისტემას ინსტრუმენტად იყენებს იმისთვის, რომ თავისი ვიწროპარტიული პოლიტიკური ინტერესები გაატაროს.

 

„საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მთავარი დამაბრკოლებელი საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ინტეგრაციისთვის არის სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემა, რომელიც ძალიან კარგად ჩანს როგორც ნიკა გვარამიას საქმეში, ასევე ბევრ სხვა გახმაურებულ, თუ ნაკლებად გახმაურებულ საქმეებზე. ამიტომ, ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება ძალიან სერიოზული მუშაობა და საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნება, რომ ისინი მართლაც მოწადინებული არიან ინტეგრაციისკენ, ეს არის სასამართლო ხელისუფლების გაჯანსაღება, ასევე პარლამენტის ერთპარტიული მუშაობის სტანდარტი, გაჩერებული საარჩევნო რეფორმები თუ სხვა პროცესები, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხელს უშლის",-განაცხადა ციმაკურიძემ.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები