პოლიტიკა

საქართველოს დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებით პარლამენტს ახალი საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინება

23.05.22 14:50


საქართველოს დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებით პარლამენტს ახალი საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინება. პროექტის ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდება, ინიციატორი მთავრობაა.

 

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ცვლილებების შედეგად გაიზრდება პრემიერ-მინისტრის, როგორც დაზვერვის სისტემის ფუნქციონირებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის ჩართულობა დაზვერვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში. კერძოდ, საქართველოს დაზვერვის სამსახურს ახალ საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების დაწყების უფლება მიეცემათ მხოლოდ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით.

 

ინიციატივის მიხედვით, სამსახურის უფროსი ვალდებული იქნება, საქართველოს დაზვერვის სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარუდგინოს პრემიერ-მინისტრს, რასაც მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა.

 

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტში საუბარია იმაზე, რომ სამსახურის ოპერატიული და ანალიტიკური ფუნქციის განმახორციელებელ დანაყოფებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე (სამმართველოს უფროსის და უფრო მაღალ თანამდებობაზე, დაზვერვის ოფიცრის მეექვსე და უფრო მაღალ კატეგორიაზე) დანიშვნა, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სამსახურის წარმომადგენლების მივლენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს დაზვერვის სამსახურში ოპერატიული ან ანალიტიკური ფუნქციის განმახორციელებელ დანაყოფებში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილების შემთხვევაში.

 

კანონპროექტში საუბარია სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლებზეც. კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლებში სამსახურებრივი დისციპლინის „უხეში“ დარღვევა შეიცვლება „მძიმე დისციპლინური გადაცდომით“, რომელსაც ითვალისწინებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ასევე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საკმარისი იქნება მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნისთვის და დამატებით გარემოებად აღარ იქნება მითითებული „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევები“.

 

ამასთან, პროექტით, „საპენსიო ასაკი“ აღარ იქნება პირის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი, ვინაიდან მსგავს რეგულაციას არ ითვალისწინებს შრომითი ურთიერთობების მომწესრიგებელი არც ერთი სამართლებრივი აქტი. ასევე სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლებს დაემატება – პირის „გარდაცვლილად გამოცხადება“ და „გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოსამსახურის არადამაკმაყოფილებელი შეფასება“.

 

ზემოთ აღნიშნული ცვლილებების გარდა, მთავრობა განმარტავს, რომ სწორდება კანონში არსებული არასწორი ჩანაწერი, რომლის თანახმად, საქართველოს პროკურატურას უნდა განეხორციელებინა სამსახურებრივი ზედამხედველობა დაზვერვის სამსახურის საქმიანობაზე. მთავრობის ცნობით, კანონპროექტით ხდება აღნიშნული რეგულაციის გაუქმება, ვინაიდან მსგავს რეგულაციას სადაზვერვო სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე არ ითვალისწინებს არც „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ კანონი.

 

„გარდა ამისა, სამსახური არ წარმოადგენს საგამოძიებო ორგანოს და ის არ ახორციელებს არც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს. აღსანიშნავია, რომ ცვლილება არ შედის „ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში, ვინაიდან ამავე კანონის 21-ე მუხლის მიხედვით პროკურატურა ახორციელებს ყველა სახის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობას”, – განმარტავს მთავრობა.

 

კანონპროექტით, სამსახურს მიენიჭება ელექტრონული დოკუმენტის შექმნის, ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების გამოყენების უფლებამოსილება.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები