პოლიტიკა

ჩემი დაჭერით "ოცნებამ" დაიჭირა საკუთარი თავი და სამწუხაროდ, არ დაიჭირა, მაგრამ შეაყოვნა საქართველოს ევროპული განვითარება - ნიკა გვარამიას ინტერვიუ ციხიდან

27.05.22 11:15


"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემას "მთავარი აქცენტები" ექსკლუზიური სატელეფონო ინტერვიუ მისცა.

 

"- არ აღმოჩნდა რთული იმიტომ, რომ პირველ რიგში როდესაც გადახარშული გაქვს, მზად ხარ, დიდი ხანია ეს გადახარშული მაქვს და მზაობა მაქვს, ამას გარდა, თქვენ მიცნობთ მე კარგად, ნამდვილად იცით, რომ როდესაც მორალური უპირატესობა მაქვს და თავს მართლად ვგრძნობ, მაშინ არ მიჭირს. ახლაც არ მიჭირს, რომ გითხრათ რომ მიხარია, ასე არ არის, მაგრამ ციხეა, ჩვეულებრივი ციხეა, ნორმალური ხალხით სავსებით.

 

ჩემი დაჭერით მე მგონია, რომ "ოცნებამ" დაიჭირა საკუთარი თავი და სამწუხაროდ, არ დაიჭირა, მაგრამ შეაყოვნა საქართველოს ევროპული განვითარება. დახურულ საზოგადოებაში გარღვევას ახდენს არა იდეები, არამედ სუპერიდეები. ჩვენს შემთხვევაში ეს არის სამშობლო. ასე იყო 9 აპრილს, ასე იყო 2003 წელს, 20 ივნისს და ასე იქნება ახლაც. ჩვენთვის სამშობლო ეს არის ევროპული წიაღი. მათ ეს უკვე შეაჩერეს, მაგრამ ვერ გააჩერებენ.

 

გუშინ რომ იკითხა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელმაც ისიც კი არ იცის, რატომ წავიდა, ისიც კი არ განუმარტავს რატომ არ არის პარლამენტის თავმჯდომარე, აჩიკო თალაკვაძემ. ხელს ავუწევთ თუ არა ამ მთავრობას... მე, ნიკა გვარამია, ავუწევდი ხელს რაც მან ჩამოთვალა ყველაფერ იმას. მიშა სააკაშვილიც აუწევდა ხელს, უბრალოდ მას არ შეუძლია იმ ხელის აწევა აი, ამ აჩიკო თალაკვაძეს და მისნაირების გამოისობით. მიშა სააკაშვილიც კი აუწევდა ამ ხელს უბრალოდ მას კლავენ და ხელსაც ვერ წევს, ავუწევდით ამას ჩვენ ხელს ყველანი. მაგრამ აჩიკო თალაკვაძეს ვეკითხები: თვითონ აუწევდა ხელს იმას, რაც პრემიერ ღარიბაშვილს ევროპელებმა უთხრეს, რომ პოლიტპატიმრები ჰყავს და უნდა გამოსწორდეს, რომ კლავენ მესამე პრეზიდენტს და უნდა გადაიყვანონ, რომ სასამართლო არ არის, რომ ბოლო არჩევნები გაყალბდა და არ უნდა ჩატარდეს. თვითონ ამას უწევს ხელს? და რას ფიქრობს იგი ვინ აუწევს ხელს ევროკავშირში მიხეილ სააკაშვილის წამებასა და სიკვდილს?

 

ის ქვეყნები, რომელთა სეიმებმა და პარლამენტებმა გამოაქვეყნეს, რომ ეს კაცი წამების მსხვერპლია და გადაიყვანეთ. ეს ხალხი ხმას მისცემს ამგვარი ქვეყნის შეყვანას, ევროკავშირთან მიახლოებასაც კი? როგორ ფიქრობთ, ვიოლა ფონ კრამონი, უბრალოდ დეპუტატს რომ ეძახიან და საშინელებებს ამბობენ მასზე, ის უბრალოდ დეპუტატი ევროკავშირის კი არ არის, ის არის გერმანული პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის ქვეყანა ისედაც სკეპტიკურად არის განწყობილი ევროკავშირის გაფართოებისკენ ხელს აწევს? და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ხელის აწევა ჩვენ გვჭირდება ყველასი. პოლონეთი აუწევს ხელს, რომელიც სააკაშვილთან დაკავშირებით 7-ჯერ ჩამოვიდა სხვადასხვა თანამდებობის პირებით და ხან არ შეხვდნენ, ხან შეურაცხყოფა მიაყენეს, ეს ქვეყანა აუწევს? ბალტიური ქვეყნები აუწევენ, რომელთა სეიმებმა მიიღეს დადგენილებები წამებული პრეზიდენტის შესახებ და მისი გათავისუფლების შესახებ?",- ამბობს ნიკა გვარამია. 

 

სტრატეგიასა და EU-ს კანდიდატობაზე:

 

"მე, ნიკა გვარამია, თანახმა ვარ რომ ამ ჩემ საკანში ყოფნის პირობებშიც კი შევიდეთ ევროკავშირში და დაე, მე ვიყო ამ საკანში. უბრალოდ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ის კვდება. ნიკა გვარამია გამოვა და ის კვდება. აი, ამაზე რას ფიქრობენ? ამას შეუშვებენ ევროპულ კავშირში? წამების ქეისებს შეუშვებენ, მოსამართლეების, არარსებულ სასამართლოს შეუშვებენ ევროკავშირში? ეს ხომ ცივილიზაციაა, რომელიც გიღებს თავის ნაწილად იმიტომ, რომ მიაჩნიხარ მათნაირად. ღარიბაშვილს ჩათვლის მისნაირად გინდა პოლონეთის პრეზიდენტი, გინდა გერმანიის პრემიერი...ვინც გნებავთ, ვინც არ უნდა იყოს?

 

არ ჩათვლიან ისინი ამას. მაგრამ ეს არ არის დასასრული. ჩვენ აუცილებლად რამეს მივიღებთ, მე გამიხარდება, რომ მივიღოთ ყველაზე მეტი, მაგრამ ენის მოჩლექით არ უნდა ვილაპარაკოთ, ეს არ მოხდება. ჩვენ რაღაცა მივიღებთ, მაგრამ მივიღებთ ყველაზე ნაკლებს უკრაინასთან შედარებითაც და მოლდოვასთან შედარებითაც...ჩვენ ვართ მაჩანჩალები, მაგრამ ევროპასაც უნდა ახსოვდეს, რომ თუ ჩვენთან დიალოგს ფორმატს არ დაიტოვებს და სრულად ჩაგვიკეტავს კარებს, რასაც მე გამოვრიცხავ, მაშინ ეს მაჩანჩალობაც დაიკარგება და ჩვენ ვიქნებით რუსეთის მაჩანჩალები, ამიტომ არც ეს არ უნდა მოხდეს",- აღნიშნავს ნიკა გვარამია. 

 

ენტონი ბლინკენის წერილსა და ევროპულ პერსპექტივებზე:

 

"22 აპრილის წერილი ბლინკენის, რომელიც გამოქვეყნებულ იქნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი წარმომადგენელი ჩამოვიდა და გამოაქვეყნებინა ვთქვათ პირდაპირ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდება უკრაინასთან დაკავშირებით, რომელიც დღემდე არ არის შესრულებული. არ გეჩვენებათ, რომ ბლინკენის წერილის დამმალავი ხელისუფლება შეუძლებელია, რომ წინ უძღოდეს თავისუფალ ერს, ვადასტურებ, რომელიც თავისუფალი სამყაროს ნაწილია. მაგრამ ამ ერს ახსოვდეს, რომ მარტო რეფერენდუმზე ხმის მიცემა, მარტო იმის დაფიქსირება, რომ ევროპა მინდა არ კმარა. ევროპის სურვილი ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ ყოველ არჩევნებზე და მოპარული არჩევნების დაცვით მათ შორის. ეს უნდა ვაფიქსიროთ მუდმივად, ისე რომ ვთქვით ასე მარტო ევროპაში არ გამოდის. იმიტომ, რომ ყველა ამბობს, რომ უნდა, მაგრამ ჩვენ გავხდით მაჩანჩალები. ჩვენ რომ ვართ ამ დიალოგში ეს უკვე ქართველი ხალხის დამსახურებაა, უკვე ქართველმა ხალხმა მიაღწია იმას, რომ ეს ფანჯარა შესაძლებლობების ჩვენ დაგვიდეს, მაგრამ ამას დაგვიკეტავენ თუ გვეყოლება ასეთი ხელისუფლება. კიდევ და კიდევ თუ გვეყოლება, საბოლოოდ დაგვიკეტავენ.

 

სატელეფონო საუბრის დასასრული:

 

"ძალიან მოკლედ ხუმრობით დავამთავრებ ცნობილი ხუმრობის თავისუფალი პერიფრაზით დავამთავრებ "ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გადმოგირეკავთ".

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები