პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: ოპოზიციის წარმომადგენლებს არ სჯერათ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რაც სამწუხარო და სამარცხვინო ფაქტია

27.05.22 14:40


საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი მარიამ ლაშხი მიიჩნევს, რომ ევროპული არჩევნის მესაკუთრე არა რომელიმე პარტია, არამედ თითოეული მოქალაქეა, რომელმაც საკუთარი არჩევანი გააკეთა ევროინტეგრაციის გზაზე.

 

„ამას, სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიცია ვერ აღიქვამს. სამწუხარო და სამარცხვინო ფაქტია ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ორი გამონაკლისის გარდა, არ სჯერათ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რაც დააფიქსირეს ხელის არ აწევით და ასევე, არ გავიმეორებ, ციტირებას არ მოვახდენ ქალბატონი ხათუნა სამნიძის, გამოსვლას, რომელიც ასევე ფიქრობს, რომ ჩვენ არ ვიმსახურებთ წევრობის კანდიდატობას. სასაცილოა ის, რომ ჯერ უბრალოდ ხელი ვერ აწიეს, მერე მიხვდნენ რომ წააგეს და დღეს ყველა ერთხმად იძახის, რომ დიახ, იმსახურებს საქართველო კანდიდატობასო.

 

თუმცა, ასევე ამბობენ ხელისუფლება ცუდიაო, რითაც კიდევ უფრო უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ თავს. იმიტომ, რომ თუ ქვეყანა ამას იმსახურებს, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანამ სწორი რეფორმები განახორციელა. ამის შემდგომ კი თქვენი გამოსვლები და ევროპის ინსტიტუტების დერეფნებში სიარული ყალბია და ემსახურება დესტრუქციას და არეულობის მოწყობის მცდელობებს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

 

მან ასევე მიმართა ოპოზიციონერ კოლეგებს, რომ მათ მიერ შეხვედრებზე გაჟღერებული მესიჯები არა მხოლოდ პირადად მათი დამაზიანებელია, არამედ ქვეყნის იმიჯს აზიანებს და ხალხის არჩევანს და ნებას უგულვებელყოფს.

 

„იმ გლობალური გამოწვევების ფონზე და რუსეთის იმპერიალისტური მუდმივი ლაშქრობის ფონზე, დასავლური ცივილიზაციისა და დემოკრატიის წინააღმდეგ ევროპული ტრანსფორმაციის ფონზე, უკრაინის ძალიან მძიმე ტრაგედიის და მდგომარეობის ფონზე, საქართველო ოკუპაციის პირობებში, იმ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში, უპრეცედენტოდ მნიშვნელოვან მხარდაჭერას გამოხატავს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ის ღირებულებები, რაც ჩვენს დემოკრატიულ აღმშენებლობას დაედო. ჩვენ ვიზიარებთ ევროპულ ღირებულებებს, რომელიც ჩვენი ისტორიისა და კულტურის ნაწილია, პარლამენტი ძალისხმევას არ იშურებს საპარლამენტო დიპლომატიის გასაღრმავებლად, მათ შორის ეკონომიკური დიპლომატიის გასაღრმავებლად. იმედი მაქვს დარჩენილ დღეებში კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი საელჩოს აქტიური მუშაობა დადებითი პასუხის მისაღებად.

 

მინისტრმა მის გამოსვლაშიც ახსენა ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრირება, რაც პირდაპირ არის ასახული ჩვენს ეკონომიკურ კანონმდებლობაში. ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერის წარმატებული გამოსვლაც ამის ერთ-ერთი მაგალითია.

 

ასოცირებით გათვალისწინებული დღის წესრიგის იმპლემენტაციაც ასევე უწყობს ხელს, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ყველა მიმართულება იყოს ათვისებული. ევროინტეგრაცია ხანგრძლივი პროცესია, რასაც ვიზიარებთ, თუმცა კანდიდატობას ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისათვის, რაც დამატებით სტიმულს მოგვცემს ჩვენ შემდგომი რეფორმების განსახორციელებლად.

 

ვიმედოვნებ საქართველოს დაუფასდება ეს ღვაწლი და ევროპული ინსტიტუტებისა და დედაქალაქების მხრიდან იქნება პოლიტიკური მხარდაჭერა. საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროპაშია“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა მარიამ ლაშხმა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები