საზოგადოება

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლაბორატორია ფუძნდება

24.10.16 18:50


25 ოქტომბერს, 14:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში “მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ბიოტექნოლოგიების ცენტრის” ბაზაზე ლაბორატორია დაფუძნდება.

ლაბორატორიის პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და დარგის მოწვეული სპეციალისტები დაესწრებიან.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ 2014 წლის სექტემბერში თავისი დადგენილებით “მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ბიოტექნოლოგიების ცენტრი” დააფუძნა. უნივერსიტეტმა მოახდინა ცენტრის უზრუნველყოფა ახალი გარემონტებული ოფისით და ლაბორატორიით. 2015 წლის დეკემბერში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოლეკულური დიაგნოსტიკის და ბიოტექნოლოგიების ცენტრმა მოიპოვა ფოლცვაგენის ფონდის volkswagen foundation) სამწლიანი გრანტი: „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში პრაქტიკული სწავლება – სტუდენტებისათვის ლაბორატორიის დაფუძნება და მასთან დაკავშირებული სასწავლო კურსი“ მოლეკულური მეთოდები ბიოსამედიცინო მეცნიერებებში“ ინიციატივის: „Between Europe and the Orient – A Focus on Research and Higher Education in/on Central Asian and the Caucasus” ფარგლებში.

განაცხადი წარდგენილი იყო ერთის მხრივ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოლეკულური დიაგნოსტიკის და ბიოტექნოლოგიის ცენტრისა და მეორეს მხრივ, ჰანოვერის სამედიცინო სკოლის (MHH) და ლაიბნიცის კვლევითი ბიოტექნოლოგიური და ხელოვნური ორგანოების (LEBAO) ლაბორატორიების მიერ.

პროექტის მიზანია, მომზადდეს ახალგაზრდა სპეციალისტები, რომლებიც შეისწავლიან ბიოტექნოლოგიურ ტექნიკებს, რაც რელევანტური იქნება სამედიცინო დიაგნოსტიკისა და კვლევებისთვის. 3 წლის განმავლობაში მომზადდება 20 სპეციალისტი, რომელთაგან 4 მიიღებს შესაძლებლობას დაიცვას დისერტაცია ჰანოვერში (გერმანია). პირველი ნაკადის მსმენელთა შორის შერჩეულია აფხაზი გოგონა სოხუმიდან.

პროექტის სპეციფიკური მიზნებია:
• ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება სტუდენტთა სწავლებისა და პრაქტიკული მომზადებისთვის.

• სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის „მოლეკულური დიაგნოსტიკის და ბიოტექნოლოგიის“ ახალი მიზნების განვითარებაში მხარდაჭერა საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე განათლებასა და კვლევაში.

• სასწავლო კურსის შექმნა „მოლეკულური მეთოდები ბიოსამედიცინო მეცნიერებებში“ როგორც არჩევითი მოდულისა ბიოლოგიის და მედიცინის სფეროს სტუდენტებისთვის.

• ბიოლოგიის და მედიცინის სპეციალობის ქართველი სტუდენტების ინტენსიური მომზადება: ზაფხულის სკოლებში წარმატებული მონაწილეობისათვის, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისათვის ჰანოვერის სამედიცინო უნივერსიტეტში.

• სპეციფიკურად აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი სტუდენტების მხარდაჭერა, რომლებიც წარმოადგენენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმრავლესობას.

პროექტის მიმდინარეობის 10 თვის შედეგებია:

1. სოხუმის უნივერსიტეტის დიდი მხარდაჭერით, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, ცენტრში მუშავდება და იტესტება სისტემები C – და B -ჰეპატიტების (HBV და HCV) დეტექციისთვის. უკვე არსებობს წარმატებული შედეგები თვისობრივი დეტექციისთვის, ახლა მიმდინარეობს ნაკრების ტესტირება C – ჰეპატიტის (HCV) რაოდენობრივი განსაზღვრისათვის.

2. ცენტრში მუშავდება და იტესტება სისტემები სქესობრივი გზით გადამდები მიკრობებისა და ვირუსების გამოსაკვლევად.

3. ცენტრში მუშავდება და იტესტება სისტემები მსხვილი და სწორი ნაწლავის, ლიმფური ჯირკვლების კიბოს პრევენციისათვის.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები