პოლიტიკა

უშიშროების საბჭოს ახალმა მდივანმა თანამდებობაზე მუშაობის პრიორიტეტები დაასახელა

24.10.16 20:55


უშიშროების საბჭოს ახალმა მდივანმა დავით რაქვიაშვილმა ახალ თანამდებობაზე მუშაობის პრიორიტეტები დაასახელა. პრიორიტეტებზე რაქვიაშვილმა პრეზიდენტის მიერ წარდგენის შემდეგ ისაუბრა და ქვეყნის პირველ პირს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს გამოცხადებული ნდობისთვის. საჯარო სამსახურში ყოფნა, მითუმეტეს სადარაჯოზე დგომა ნებისმიერი ქართველისთვის უდიდესი პატივია. ამავდროულად, უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ეს კარგად მესმის. ისეთ დროს, როდესაც ქვეყანას არ ემუქრება მყისიერი საფრთხე, უშიშროების საბჭოს მთელი ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, შესაძლო საფრთხეების გამოვლენასა და მათ პრევენციაზე, ხოლო მაშინ როდესაც სასწორზე დევს მშვიდობა, სახელმწიფოებრიობა, ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, უშიშროების საბჭო სწორედ ის პოლიტიკური სათათბიროა, სადაც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება ამ ფუნდამენტური ღირებულებების დასაცავ გადაწყვეტილებებს განიხილავს. გეოპოლიტიკურ კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის შესუსტების მცდელობის, ტერორიზმის გეოგრაფიის ზრდის, ევროპულ ღირებულებებთან დაპირისპირებული აქტორების მომრავლების ფონზე, ჩვენს რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები უდავოდ მოითხოვს სახელმწიფოს განსაკუთრებულ ყურადღებას. ასეთ ცვალებად გარემოში შესაძლო გამოწვევების გამკლავება შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტებით, მხოლოდ მათი კოორდინირებული მოქმედებით, ქვეყნის უშიშროების და თავდაცვისუნარიანობის მიმართებაში პოლიტიკური ძალების კონსოლიდირებული პოზიციით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მობილიზებით. ეს არის ის პრიორიტეტები, ეს არის სამოქმედო გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა განგვისაზღვრა მე და უშიშროების საბჭოს“, - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა, რომელმაც მის წინამორბედ ირინა იმერლიშვილს და უშიშროების საბჭოს აპარატის თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები