საზოგადოება

სიმსივნის მკურნალობის ინოვაციური მეთოდი საქართველოშიც ხელმისაწვდომია

25.10.16 15:00


თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ავთვისებიან სიმსივნეს მსოფლიოში აღიარებული რადიოსიხშირული აბლაციის ინოვაციური მეთოდით მკურნალობენ.

Sputnik-ის გადამღები ჯგუფი კლინიკას ეწვია და შეეცადა ექიმებისგან უფრო მეტი შეეტყო სიმსივნის მკურნალობის ამ მეთოდის შესახებ.

„ამ მეთოდით ხდება სიმსივნის მოცილება — ესე იგი სიმსივნური წარმონაქმნების განადგურება რადიოსიხშირული იმპულსის ზემოქმედებით“, — გვითხრა ექიმმა რადიოლოგმა ნიკოლოზ ონაშვილმა.

მისი თქმით, ოპერაციის დროს მიმდინარეობს სიმსივნურ უჯრედზე ფიზიკური ზემოქმედება, რომელიც იწვევს მისი ტემპერატურის 50-90 გრადუსამდე აწევას და კვდომას.

„იმ შემთხვევაში, როდესაც რადიოსიხშირული იმპულსი ხვდება უშუალოს სიმსივნურ წარმონაქმნს, იგი იღუპება — ე.ი. ხდება აბლაცია*. სწორედ ამაშია მეთოდის არსი — მოკვდეს სიმსივნე ისე, რომ მინიმალურად დაზიანდეს ახლოს მდებარე ქსოვილები“, — აღნიშნა ონაშვილმა. ექიმმა ნიკოლოზ ონაშვილმა ამ მიმართულებით ევროპისა და აზიის კლინიკებში ხანგრძლივი პრაქტიკა გაიარა. გარდა ამისა იგი მოსწავლეა ავსტრიელი პროფესორის ფლორიან ვოლფის, რომელიც ქართველ პაციენტებს ორი დღის განმავლობაში ჩაუტარებს ოპერაციებს.

ერთ-ერთი პაციენტი — 56 წლის მაია ბახტაძეა. 2014 წელს მას სწორი ნაწლავის ამოკვეთის ოპერაცია ჩაუტარდა იქ წარმოქმნილი სიმსივნის გამო, შემდეგ კი დაენიშნა ქიმიოთერაპია, რომელსაც ქალბატონი უკვე წელიწადნახევარია იტარებს.

საქართველოში სიმსივნის ოპერაციის ახალი მეთოდის შესახებ, ახლობლებისგან შეიტყო და ამ ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა.

„მე ამ მეთოდის შესახებ ჯერ კიდევ ოპერაციის შემდეგ შევიტყვე, მაგრამ, მაშინ ამას მხოლოდ თურქეთში აკეთებდნენ და იქ წასვლისათვის ძალიან სუსტად ვიყავი. როცა გავიგე, რომ ოპერაციის გაკეთება საქართველოშიც დაიწყეს, მაშინვე გადავწყვიტე — ეს ხომ ჩემი შანსია. ეხლა სამი წარმონაქმნი მაქვს ღვიძლზე. ორი მათგანის მოცილებას აპირებენ. ვნახოთ რა გამოვა“, — თქვა ბახტაძემ. ოპერაციის შემდგომი პერიოდი მხოლოდ რამდენიმე საათი გრძელდება. ერთი დღის შემდეგ, კი პაციენტს შეუძლია სახლში დაბრუნდეს. იმის გამო, რომ ოპერაციის დროს კეთდება მხოლოდ სამ ან ოთხ მილიმეტრიანი ნაკვეთი, რეაბილიტაციის პერიოდი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს.

„ეს მინიმალურად ინვაზიური მეთოდია, რომელიც სხვადასხვა ორგანოების სამკურნალოდ გამოიყენება, თუმცა პირველად ღვიძლის შემთხვევაში გამოიყენეს. ამ ეტაპზე ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნის აბლაცია ყველაზე ფართოდ გამოიყენება“, — აღნიშნა ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის მთავარი კლინიკის პროფესორმა ფლორიან ვოლფმა. აღნიშნული ოპერაცია, რომელსაც ექიმები ხშირად პროცედურას უწოდებენ, ყველაზე ადრეულ სტადიაზე კეთდება, მაშინ როცა ორგანოზე ერთი ან რამდენიმე წარმონაქმნი ჩნდება. მათი ზომა არ უნდა აჭარბებდეს სამ სანტიმეტრს, ხოლო რაოდენობა, სასურველია არა უმეტეს სამისა.

თუმცა ექიმები ამტკიცებენ, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა აბლაცია უფრო დიდი წარმონაქმნებისთვისაც გაუკეთებიათ. აღნიშნული მეთოდი საქართველოში უკვე წელიწადნახევარია გამოიყენება და ამ ხნის მანძილზე ქართველმა ექიმებმა 15 ოპერაცია ჩაატარეს, რომელთაგან ყველა დადებითი შედეგით დასრულდა.

კითხვაზე, იხევს თუა არა უკან სიმსივნე აბლაციის შემდეგ, ექიმები პასუხობენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი ოპერაცია პაციენტის სრული გამოჯანმრთელებით სრულდება, თუმცა არის შემთხვევები, როცა სიმსივნის განვითარება ფერხდება, რაც ასევე მნიშვნელოვანია დაავადებასთან მებრძოლი პაციენტებისათვის.

ოპერაცია 40 წუთიდან 1,5 საათამდე გრძელდება. იგი საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში ფინანსდება. ხოლო მათ, ვისაც დაზღვევა არ აქვთ 5000 ლარის გადახდა მოუწევთ. *აბლაცია – ოპერაცია, რომლის დროსაც ხდება პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილის უბნის გამოწვა ლაზერის, ელექტრო ინსტრუმენტის ან ქიმიური ნივთიერების საშუალებით ან მოცილება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 523


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები