საზოგადოება

სკოლის მოსწავლეების მშობლები, შვილების ნიშნების შესახებ ინფორმაციას SMS შეტყობინებით მიიღებენ

25.10.16 16:05


საჯარო სკოლებში მოსწავლეთა განათლებისა და დისციპლინის სრულყოფის მიზნით, დასწრებისა და აღრიცხვის ელექტრონული ჟურნალის სატესტო ვერსია უკვე მოქმედებს, ხოლო შვილების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მშობლები SMS – შეტყობინებით, ყოველდღიურ რეჟიმში, 2017 წლის იანვრიდან მიიღებენ. კერძოდ, მოსწავლის სკოლაში დაგვიანების, გაკვეთილების გაცდენის, საგნებში მიღებული ნიშნებისა და ყოფაქცევის შესახებ მშობლები სრულად იქნებიან ინფორმირებულნი.

როგორც “სითი კვირას” განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზაზა ტყემალაძემ განუმარტა, ელექტრონული ჟურნალის სატესტო ვერსია ამ დროისთვის, დედაქალაქის გარდა, რეგიონებშიც ხორციელდება და სულ 400-მდე საჯარო სკოლას მოიცავს.

პროცესი ზაფხულში დაიწყო, თუმცა, სამინისტრო მისი მიმდინარეობის შესახებ დეტალებს არ ასაჯაროებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გადამზადების პროცესს პედაგოგები სკოლებში გადიან. მას შემდეგ, რაც სატესტო ვერსიაზე მუშაობა წარმატებით დასრულდება, ელექტრონული ჟურნალი ყველა საჯარო სკოლაში ამოქმედდება.

“ელექტრონული ჟურნალის ფუნქციები არ არის რთული და არც პედაგოგებისთვის წარმოადგენს მისი ათვისება სირთულეს. ელექტრონულ ჟურნალთან ხელი მხოლოდ პედაგოგს მიუწვდება. მასთან წვდომა არ აქვს მოსწავლეს”, – აცხადებენ სამინისტროში.


მათივე თქმით, SMS სერვისი, რომლის საშუალებითაც მშობლებს შვილების სკოლის ნიშნების შესახებ ინფორმაცია შეტობინების სახით მიუვათ, იანვრიდან ჩაირთვება.

თუმცა, დაინტერესების შემთხვევაში, მშობელს შეუძლია მივიდეს სკოლაში და მას პედაგოგი ადგილზე გააცნობს მისი შვილის ნიშნებს ელექტრონულ ჟურნალში.

“ეს ინფორმაცია გაიცემა მხოლოდ მშობელზე და არა სხვა პირზე. არასაპატიო მიზეზით მოსწავლე გაკვეთილებს 10-ჯერ თუ მაინც გააცდენს, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა არსებობს და სკოლა უნდა დაინტერესდეს, თუ რატომ აცდენს ბავშვი. ზოგი ბავშვი მუშაობს და არ დადის სკოლაში. ასეთი შემთხვევებია, მაგალითად, რეგიონებში. პროგრამის დახმარებით, ბევრად გამარტივდება საჭიროების შემთხვევაში პრევენციული ზომების მიღება”, – აცხადებს ტყემალაძე.

მისივე განმარტებით, მშობლების საკონტაქტო მონაცემებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას თავად სკოლა მიაწვდის. ელექტრონული ჟურნალის სკოლებში დამკვიდრების პროექტზე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სამი წელია, მუშაობს და როგორც ზაზა ტყემალაძე აცხადებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში, საქართველოს გარდა, პროგრამა, სავარაუდოდ, ბალტიისპირა ქვეყნებში მოქმედებს.

“ეს არის სრულიად ქართული პროექტი. ამაში უამრავი პროგრამისტია ჩართული.

ქაღალდს შეცვლის ელექტრონული ჟურნალი“, – დასძინა მან.


წყარო: http://www.city.kvira.ge


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები