საზოგადოება

არასამთავრობოები ხელისუფლებას შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ

25.10.16 19:10


ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას, ბოლო დროს მშენებლობებსა და ქვანახშირის მოპოვების საწარმოებში ადამიანების დაღუპვის ფაქტებთან დაკავშირებით, სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ.

7 ოქტომბერს, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, ვენტილაციისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი თემურ კაკაურიძე დაიღუპა. 19 ოქტომბერს ჯიქიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის პროცესში დაიღუპა 26 წლის მუშა თემურ გურგენაშვილი, ხოლო 20 ოქტომბერს — ხიზანიშვილის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე ასევე სამუშაო პროცესში დასაქმებული.

საქართველო დღემდე სავალდებულოდ არ აღიარებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-3 მუხლს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) იმ კონვენციებს, რომლებიც შრომის უსაფრთხოების საკითხებს შეეხება, რაც ასევე აჩვენებს ხელისუფლების პოლიტიკური ნებისა და მზაობის არარსებობას, შექმნას შრომითი უფლებების სათანადო დაცვის ეფექტური და ქმედითი მექანიზმები, აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობოებმა მოუწოდეს სამართალდამცველ ორგანოებს, უზრუნველყონ სამუშაო ადგილებზე სიკვდილის შემთხვევების დაუყოვნებლივი, ეფექტური გამოძიება და შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ. არასამთავრობოები ასევე მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას, შრომითი უფლების დარღვევების პრევენციისა და მათზე სათანადო რეაგირების მიზნით, დაუყოვნებლივ შეიქმნას შრომის ინსპექტირების ეფექტური მექანიზმი. 2013 წლიდან საქართველოში რიგი რეფორმები გატარდა. კერძოდ, ცვლილებები შეიტანეს შრომის კოდექსში, რომლითაც კანონმდებლობაში გაჩნდა შრომის უფლების დამცავი მინიმალური სტანდარტები და შეიქმნა ცალკეული მექანიზმები, მათ შორის, შრომის პორობების ინსპექტირების დეპარტამენტი. საკანონმდებლო ცვლილებების დიდი ნაწილი არაეფექტური აღმოჩნდა არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად და ვერ უზრუნველყო დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები: „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება. განცხადების ტექსტი გამოქვეყნებულია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ვებგვერდზე.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები