პოლიტიკა

კობახიძის აზრით, მოლდოვას მეორე ფრონტს არ სთხოვენ, რადგან “ჯარი არ ჰყავს”

22.06.22 16:20


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლე კობახიძე აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე არსებობს მეორე ფრონტის გახსნის „სუბიექტური ინტერესი“.

 

კობახიძე არ ასახელებს, ვის აქვს ეს ინტერესი, თუმცა მიიჩნევს, რომ „ეს სუბიექტური მომენტი“ შეიძლება გავლენას ახდენდეს ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

 

„ცუდ რამეზე კი არ არის საუბარი, ვისაც უნდა რუსეთისთვის მეტი პრობლემის შექმნა, სუბიექტურად არის დაინტერესებული, რომ მეორე ფრონტი იყოს გახსნილი“, — განაცხადა კობახიძემ.

 

კობახიძეს ჰკითხეს, იზიარებს თუ არა თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებას, რომ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსის არ მიცემით სჯის და თუ ასეა, რის გამო ისჯება საქართველო?

 

„გარკვეული უხერხულობები ჩვენ გვექნება პარტნიორებთან იქამდე, სანამ გრძელდება ის ომი, რომელიც მიმდინარეობს რუსული აგრესიის საფუძველზე უკრაინაში. არის გარკვეული სუბიექტური ინტერესები, მთავარია მალე დასრულდეს ეს ომი. ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია მალე ომის დასრულება, ამ შემთხვევაში აღარ იქნება გარკვეული ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ“, — უპასუხა კობახიძემ.

 

კითხვაზე, — დაისაჯა იმიტომ, რომ ომში არ ჩავებით? — კობახიძე პასუხობს:

 

„როგორ არის იცით, სუბიქტური ინტერესი როცა არსებობს, რომ გარდა ერთისა, მეორე ფრონტიც გაიხსნას, ეს აბსოლუტურად გასაგებია. ჩვეულებრივი მოვლენაა. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, შეიძლება გავლენას ახდენდეს ეს სუბიექტური მომენტი გადაწყვეტილების მიღებაზე“.

 

კობახიძის თქმით, ამ კონტექსტში მოლდოვის და საქართველოს შედარება მართებული არ არის.

 

„მოლდოვას ჯარი არა ჰყავს. ბევრი „ფეიკი“ ტრიალებს იმასთან დაკავშირებით, რატომ არ სთხოვენ მოლდოვას მეორე ფრონტს. მოლდოვას არ ჰყავს ჯარი. აქედან გამომდინარე, მოლდოვის მიმართ ვერავის ექნება სუბიექტური ინტერესი, რომ ჩართოს ომში. საქართველოს და მოლდოვის შედარება ამ კუთხით არის ფეიკი“, — დასძინა ირაკლი კობახიძემ.

 

ცნობისთვის, მოლდოვას ჰყავს მცირერიცხოვანი არმია, 6 000 ჯარისკაცის შემადგენლობით (12 000 რეზერვში). 2022 წლის სამხედრო სიძლიერის რეიტინგში მოლდოვა 142 ქვეყანას შორის 94-ე ადგილზეა და მხოლოდ 6 ადგილით ჩამორჩება 88-ე ადგილზე მყოფ საქართველოს.

 

„ქართული ოცნების“ პროპაგანდაა, თითქოს საქართველო ისჯება იმის გამო, რომ უარს ამბობს მეორე ფრონტის გახსნაზე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოსგან ამას არავინ ითხოვს და ხელისუფლება მეორე ფრონტის თემას საკუთარი შეცდომებიდან ყურადღების გადასატანად და მოსახლეობის წნეხის ქვეშ მოსაქცევად იყენებს.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები