საზოგადოება

დაობებული ხაჭო თბილისის სუპერმარკეტში – ვინ არის პასუხისმგებელი პროდუქტის ვარგისიანობაზე

25.10.16 20:55


სავაჭრო ქსელ „ფუდმარტში“ მომხმარებელმა საკვებად უვარგისი ხაჭო აღმოაჩინა, რომლის ფოტოც სოციალურ ქსელში განათავსა. როგორც მომხმარებელი აცხადებს, „პრეზიდენტის“ მიერ წარმოებული კრემხაჭო „ფუდმარტის“ ერთ-ერთ ფილიალში ბავშვისთვის შეიძინა. გახსნის შემდეგ, შიგთავსი დაობებული აღმოჩნდა.

„არადა ბავშვისთვის მინდოდა. კი მითხრა ახლობელმა, რად გინდა, რამდენიმე კვირა გზაშია და სულ უვარგისი პროდუქცია აქვთო, მაგრამ არ დავუჯერე. აი, შედეგიც“, – წერს სოციალურ ქსელში მომხმარებელი.

„კვირას“ ინფორმაციით, რძის მწარმოებელი კომპანია „პრეზიდენტის“ სხვადასხვა დასახელების პროდუქტი საქართველოში კომპანია „ლოქტალის ჯორჯიას“ სხვადასხვა ქვეყნიდან შემოაქვს. კონკრეტულად ხაჭო კი უკრაინიდან. თუ როგორ აღმოჩნდა „ფუდმარტის“ დახლზე დაობებული ხაჭო და რამდენად ეფექტურად ამოწმებს სავაჭრო ქსელი ვადაგასულ პროდუქტებს, ამ კითხვებით „კვირამ“ „ფუდმარტის“ მარკეტინგის მენეჯერს, სანდრო მაჭარიძეს მიმართა.

მაჭარიძე არ გამორიცხავს, რომ მათ ქსელში დაობებული ხაჭოს არსებობა, შესაძლოა პროდუქტის მიმწოდებელი კომპანიის შეცდომა იყოს, რადგანაც, მისი მტკიცებით, „ფუდმარტის“ თანამშრომლები პროდუქციის ვარგისიანობას ყოველდღიურად ამოწმებენ.

„ჩვენ ვადებს ყოველდღიურად ვამოწმებთ. რაიმე ვადაგასული თუ აღმოჩნდა, მაშინვე უკან ვაბრუნებთ. როგორ აღმოჩნდა საკვებად უვარგისი ხაჭო დახლზე, არ ვიცი. თუ მიიტანენ იმ ფილიალში, სადაც შეიძინეს, ახლით შეუცვლიან ან თანხას დაუბრუნებენ.

შეცდომა ყოველთვის იპარება, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ყოველთვის ვამოწმებთ ვადებს და არასდროს ვადაგასული პროდუქტი ჩვენთან არ დევს ხოლმე.

შესაძლოა, მომწოდებლის შეცდომა იყო, მათ ვერ უზრუნველყვეს პროდუქტის სათანადო ტრანსპორტირება ან შენახვის წესის დაცვა და პროდუქტი გაფუჭდა.

შიგთავსს ვერ ვამოწმებთ“, – განაცხადა მაჭარიძემ.

მისივე თქმით, „ფუდმარტს“ პროდუქტის შემომტან კომპანიასთან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები აკისრია და მსგავსი ფაქტის გამო, მათ წინააღმდეგ გარკვეული სახის სანქციები არსებობს.

„პროდუქტის ხარისხი მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. შემომტან კომპანიას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები გააჩნია და მსგავსი ფაქტის გამო მათ წინააღმდეგ სანქციები იქნება გამოყენებული. შესაძლოა, დაჯარიმდეს ან გაფრთხილება მიიღოს“, – განაცხადა სანდრო მაჭარიძემ „კვირასთან“ საუბრისას.

ფაქტის გადასამოწმებლად „კვირა“ პროდუქტების შემომტან კომპანია „ლოქტალის ჯორჯიასაც“ დაუკავშირდა, სადაც არ გამორიცხავენ, რომ პროდუქტის გაფუჭება თავად კომპანიის ბრალიც იყოს.

„ჩვენი ყველა პროდუქცია არის ცოცხალი და ტემპერატურის ოდნავი ცვლილებაც კი მის გაფუჭებას იწვევს. ჩვენ ყოველთვის ვამოწმებთ ვადებს და სულ ვცდილობთ, რომ დაბალვადიანი პროდუქტი გასაყიდად არ გავიტანოთ. ჩვენს ყველა პროდუქტს ჩვენი თანამშრომლებიც ამოწმებენ ყოველდღიურად. თუ ჩვენი მხრიდან შემოწმება ვერ ხერხდება, ამ შემთხვევაში, სავაჭრო ქსელების კონსულტანტები, სადაც ჩვენი პროდუქტი შედის, არიან ვალდებულნი, რომ დაბალვადიანი პროდუქტი დახლებიდან აიღონ“, – განაცხადა კაკუბავამ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 982


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები