საზოგადოება

დავით ნარმანია: თბილისში მიმდინარე წლის შემოდგომაზე 80 000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება

26.10.16 19:05


თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, მთავრობის სხდომაზე გამწვანების მიმართულებით ქალაქში დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა.

დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე 80 000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება. მნიშვნელოვანია, რომ გამწვანების ღონისძიებები დაგეგმილია ქალაქის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში, ასევე, სკვერებსა და პარკებში. თბილისის მერის თქმით, დაირგვება დიდი ზომის ხეები და აღდგება დაზიანებული კორომები. საშემოდგომო რგვები მიმდინარე კვირაში დაიწყება.

თბილისის მერმა, ასევე, აღნიშნა, რომ ვერეს ხეობაში დარგული ხეების თითქმის 90%-მა გაიხარა, ხოლო იმ ნაწილს, რომელიც გახმა, კონტრაქტორი კომპანია ნოემბრის პირველ ნახევარში ჩაანაცვლებს.

„ვერეს ხეობაში, სადაც ჩვენ დიდი ზომის 4 700 ერთეული ხე დავრგეთ, დიდმა ნაწილმა გაიხარა. დარგის სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ დარგული ხეების, დაახლოებით, 80% გაიხარებდა. თუმცა, ჩვენ გვაქვს გაცილებით უკეთესი სურათი – უპრეცედენტო მოვლის პირობებში, გაიხარა დარგული მცენარეების, თითქმის, 90-მა პროცენტმა. ნერგებს, რომლებიც გახმა, კონტრაქტორი კომპანია ნოემბრის პირველ ნახევარში ჩაანაცვლებს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები