პოლიტიკა

„რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატო-ს წევრი“

24.05.16 17:40


საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები განიხილეს.

თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

მხარეებმა შეხვედრისას ვარშავაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზეც იმსჯელეს.

შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, რომელიც პრეზიდენტების შეხვედრას ესწრებოდა.

„შეხვედრაზე თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატო-ს წევრი.

საუბარი შეეხო ასევე უმნიშვნელოვანეს, სტრატეგიულ პროექტებს, რომლებსაც ორი ქვეყანა პარტნიორ აზერბაიჯანთან ერთად ახორციელებს.

ვისაუბრეთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე და ბატონმა ერდორანმა გამოთქვა დიდი იმედი, რომ წელს ეს პროექტიც დასრულდება. განვიხილეთ თანამშრომლობის არაერთი სამომავლო პროექტი", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე.


წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები