პოლიტიკა

დუგლას ჯონსი: ვფიქრობ, საქართველომ უნდა მიიღოს წახალისება წევრობის გზაზე - ნატო ელოდება საქართველოს, რათა განაგრძოს გზა საჭირო რეფორმებისთვის

08.07.22 13:30


ნატო ელოდება საქართველოს, რათა განაგრძოს გზა საჭირო რეფორმებისთვის. განაგრძოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და გააუმჯობესოს თავისი ძალების თავსებადობა ალიანსთან, - განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, დუგლას ჯონსმა „ქრონიკის“ მიერ დასმულ შეკითხვაზე.

 

მან მედიის წარმომადგენლებთან ნატოს მადრიდის სამიტი შეაჯამა. მისი თქმით, ზემოთ აღნიშნული გადამწყვეტია არამხოლოდ იმისთვის, რომ დაჩქარდეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზა, არამედ გახდეს უფრო ძლიერი და მყარი დემოკრატიის სახელმწიფო.

 

„ჩვენ ვსაუბრობთ პარტნიორებთან, მათ შორის, იმ ქვეყნებთან, რომლებიც ცდილობენ ალიანსში გაწევრიანებას, მათ შორის, საქართველოსთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან. ნატომ მიიღო გადაწყვეტილება ამ პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ. ჩვენ გვაქვს ძლიერი თანამშრომლობა იმ გზების მოსაძებნად, თუ როგორ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ თავდაცვის შესაძლებლობები, ნატოსთან თავსებადობა და დავეხმაროთ მათ საკუთარი რეფორმების წარმართვაში, რაც ამ ქვეყნებს ნატოს უფრო ძლიერ კანდიდატებად აქცევს.

 

ნატოს არ დაუკარგავს ყურადღება არცერთ ამ პარტნიორ სახელმწიფოსთან და ეძებს გზებს მის გასაძლიერებლად. მადრიდის სამიტზე მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოსა და ყველა სხვა ასპირანტი სახელმწიფოს მიმართ, რომლებსაც ევროატლანტიკური მისწრაფებები აქვთ და მზად არიან განაგრძონ თანამშრომლობა. მადრიდის სამიტი მკაფიო გზავნილი იყო, რაც ფინეთისა და შვედეთის მიმართ მხარდაჭერაში გამოიხატა. ეს გზავნილი კი არის ის, რომ კარი ნამდვილად ღიაა - ნატოს აქვს ღია კარის პოლიტიკა და როდესაც პარტნიორები დააკმაყოფილებენ წევრობის კრიტერიუმებს, ისინი მიიღებენ გაწევრიანების მოწვევას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საქართველომ უნდა მიიღოს წახალისება ამ გზაზე. მოგეხსენებათ, რომ ნატო ელოდება საქართველოს, რათა განაგრძოს გზა საჭირო რეფორმებისთვის. განაგრძოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და გააუმჯობესოს თავისი ძალების თავსებადობა ალიანსთან. ეს ყველაფერი გადამწყვეტია არამხოლოდ იმისთვის, რომ დაჩქარდეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზა, არამედ გულწრფელად გითხრათ იმისთვის, რომ გახდეს უფრო ძლიერი და მყარი დემოკრატიის სახელმწიფო“, - განაცხადა დუგლას ჯონსმა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები