პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენთვის მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ევროპული პერსპექტივის მონიჭება არის წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის აღიარება

08.07.22 15:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს და ავსტრიას აქვთ დიდი პოტენციალი, რომ კიდევ უფრო მეტად გააღრმავონ, გააძლიერონ ურთიერთთანამშრომლობა ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, ვაჭრობა, თუ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„დიდი მადლობა, ბატონო კანცლერო, ძვირფასო კოლეგავ. მინდა, პირველ რიგში მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ავსტრიაში და მე ძალიან მოხარული ვარ ამ ფაქტით. დიდი პატივია ჩემთვის დღეს აქ ყოფნა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ავსტრიასთან მეგობრობას, ურთიერთობას, თანამშრომლობას. ჩვენ კანცლერთან ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელზეც ჩვენ უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ, გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, ვაჭრობა, თუ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველები იზიარებენ საერთო ევროპულ ღირებულებებს და მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

 

„მინდა ასევე აღვნიშნო სიამაყით, სიმბოლურია, რომ ჩვენ წელს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წლისთავს, ასე რომ კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ბატონო კანცლერო, მოწვევისთვის.

 

როგორც ბატონმა კანცლერმა აღნიშნა, ჩვენთვის, ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, ჩვენ ველოდებოდით ევროკომისიის გადაწყვეტილებას.

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება შეფასებულ იქნას, როგორც ისტორიული, როგორც ეს თავად ევროპელებმა ლიდერებმა განაცხადეს. ქართველები ვიზიარებთ საერთო ევროპულ ღირებულებებს, ჩვენთვის მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, დიდი ევროპული ოჯახის წევრი ქვეყანა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენთვის ევროპული პერსპექტივის მონიჭება არის წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის აღიარება და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ,“- განაცხადა პრემიერმა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები