პოლიტიკა

აშშ-ის კონგრესში ინიცირებული საკანონმდებლო აქტი შავი ზღვის რეგიონისა და საქართველოს მიმართ აშშ-ის მზარდ ინტერესსა და მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს

14.07.22 11:40


აშშ-ის კონგრესში ინიცირებული საკანონმდებლო აქტი შავი ზღვის რეგიონისა და საქართველოს მიმართ აშშ-ის მზარდ ინტერესსა და მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს.

 

აშშ-ის სენატორებმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი - ნიუ ჰემფშირი) და მიტ რომნიმ (რესპუბლიკელი - იუტა) სენატში წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი - 2022 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას შავი ზღვის რეგიონთან მიმართებაში სტრატეგიის შემუშავებას ავალებს.

 

კანონპროექტის მიხედვით, ევროკავშირისა და ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვართან, რუსეთის მიერ 2014 და 2022 წლებში უკრაინაში, ხოლო 2008 წელს საქართველოში სამხედრო შეჭრის შემდგომ, შავი ზღვის რეგიონი მზარდი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონად რჩება. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის, კერძოდ, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

 

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო მხარდაჭერის ზრდას და ასევე, ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამ კუთხით, დოკუმენტი ეხმაურება უკრაინაში, საქართველოსა ან რუმინეთში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის რეგიონული ოფისის გახსნას.

 

სხვა საკითხებთან ერთად, უსაფრთხოების აქტი შავი ზღვის რეგიონში რუსეთის გავლენის შემცირებასაც ეხმაურება. კერძოდ, აქცენტი რეგიონში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის, რუსეთის ენერგო რესურსებზე დამოკიდებულების შემცირებისა და რეგიონის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების ზრდის აუცილებლობაზე კეთდება.

 

დოკუმენტში საუბარია მოკავშირეებთან ერთად გრძელვადიანი უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებაზე, რაც აღმოსავლეთ ფლანგზე მათი მუდმივ და მდგრად ყოფნას უზრუნველყოფს.

 

კანონპროექტი ასევე ეხმაურება და მხარს უჭერს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების 3 ზღვის ინიციატივას, რომელიც ადრიატიკის, ბალტიისა და შავ ზღვას შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და დაკავშირებულობის სტიმულირებას ემსახურება.

 

აღნიშნული კანონპროექტის თანა-სპონსორები არიან აშშ-ის სენატორები ტომ თილისი (რესპუბლიკელი - ჩრდილოეთ კაროლინი ), ქრის ქუნსი (დემოკრატი - დელავერი), სენატორი როჯერ უიკერი (რესპუბლიკელი - მისისიპი) და სენატორი ბენ კარდინი (დემოკრატი - მერილენდი).

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები