საზოგადოება

ანასტასია შატავლოვას მკვლელობაში ბრალდებული - მკვლელობა არ ჩამიდენია - ყველაფერი გააყალბეს

14.07.22 18:00


მკვლელობა არ ჩამიდენია, სიყალბე რაც იყო ამ საქმეში, თავიდანვე მოვყევი, ყველაფერი გააყალბეს. წამალი ჩამიდეს, ცხოვრებაში ნარკოტიკის მომხმარებელი არ ვყოფილვარ , - ამის შესახებ ანასტასია შატალოვას განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულმა ბექა ლატარიამ სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვით სარგებლობისას განაცხადა.

 

,,არ ჩამიდენია მკვლელობა, სიყალბე რაც იყო ამ საქმეში, თავიდანვე მოვყევი, ყველაფერი გააყალბეს. წამალი ჩამიდეს, ცხოვრებაში ნარკოტიკის მომხმარებელი არ ვყოფილვარ და ამიღეს ანალიზები, რომელშიც ნარკოტიკის შემცვლობა არ ყოფილა. 9 თვეა, რაც პროცესებზე დავდივარ, ხალხს ვხვდები, მხოლოდ მე არ ვარ ასე”, - აღნიშნა ბექა ლატარიამ.

 

კიდევ ერთი ბრალდებული ლევან რაჯავის თქმით, ის აღნიშნულ საქმეში უდანაშაულოა.

 

,,შემოცვივდნენ, გაურკვევლობაში ვიყავი, სად შემეძლო [პოლიციელისთვის] წინააღმდეგობის გაწევა, დავიბენი და ეს ყოველივე მოჰყვა. უდანაშაულო ვარ, ნარკოტიკიც არ მქონია, წინააღმდეგობაც არ გამიწევია”, - განაცხადა რაჯავმა.

 

ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავეს.

 

ბექა ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით ჰქონდა წარდგენილი.

 

ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა.

 

ლევან რაჯავს გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებოდა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები