პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - აღმოჩნდა, რომ კარგია საქართველო საერთაშორისო პლატფორმებზე ასე აქტიურად რომ უჭერს მხარს  უკრაინას - აქამდე გვეუბნებოდნენ, რომ ეს არაფერი იყო

15.07.22 12:40


ეს ხომ ჩვენი თემა იყო, ჩვენ ვსაუბრობდით და ჩვენი ოპონენტები ამბობდნენ, რომ ეს არაფერს ნიშნავს, ცარიელი სიტყვებია, ეს რეზოლუციები, საჩივრები არაფერი არ არის და ახლა საუბრობენ თითქოს ეს არის გადამწყვეტი, - ასე ეხმაურება „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რატომ არ შეუერთდა საქართველო 40-ზე მეტი ქვეყნის განცხადებას, რომელიც უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.

 

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს არის პროცესში მესამე პირად ჩართვასთან დაკავშირებით მზაობის გამოხატვა და გამომდინარე იქიდან, რომ თავად საქართველო აწარმოებს დავებს რუსეთის ფედერაციასთან ამ სასამართლოებში, ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს საკითხი გამიჯნული ყოფილიყო.

 

„დღეს რაზეც იყო საუბარი, ეს გახლდათ მესამე პირად ჩართვასთან დაკავშირებით მზაობის გამოხატვა, რაზეც საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა კიდეც - გამომდინარე იქიდან, რომ თავად საქართველო აწარმოებს როგორც მოსარჩელე დავებს რუსეთის ფედერაციასთან ამ და სხვა სასამართლოებში, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს საკითხი ყოფილიყო გამიჯნული, მაგრამ მეორე მხრივ, კარგია, რომ ეს მომენტი შეამჩნიეს ოპონენტებმა, ანუ აღმოჩნდა, რომ კარგია ხომ საქართველო საერთაშორისო პლატფორმებზე ასე აქტიურად რომ უჭერს უკრაინას მხარს? აქამდე ჩვენ როცა ვამბობდით, რომ გაეროს რეზოლუციის თანაავტორები ვართ, ვამბობდით, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართვის თანაავტორები ვართ, სხვა რეზოლუციებს ვასახელებდით, მაშინ ხომ გახსოვთ მათი პასუხი რა იყო? ეს არაფერი არ არის, ეს მხოლოდ სიტყვებია, რამდენიმე ქვეყანაში შეზავებულად როცა ვართ, ეს არაფერს ნიშნავსო, ახლა აღმოჩნდა, რომ 40 ქვეყანაშიც რომ ვყოფილიყავით, კარგი იქნებოდა. ეს აჩვენებს, როგორი არათანმიმდევრულები არიან ჩვენი ოპონენტები. ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ საერთაშორისო ასპარეზზე უპრეცედენტო მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას, ყველა პლატფორმაზე და ვართ თანაავტორები სხვადასხვა რეზოლუციის თუ საჩივრისა, მაშინ ამ საკითხს უყურებდნენ ზედაპირულად, თითქოს არაფერს არ ნიშნავს, დღეს რატომღაც აღმოჩნდა, რომ ეს არის მთავარი ასპექტი.

 

ეს ხომ ჩვენი თემა იყო, ჩვენ ვსაუბრობდით და ჩვენი ოპონენტები ამბობდნენ, რომ ეს არაფერს ნიშნავს, ცარიელი სიტყვებია, ეს რეზოლუციები, საჩივრები არაფერი არ არის და სინამდვილეში მოხალისეები უნდა გაგვეგზავნა უკრაინაში და ამით ვყოფილიყავით დაკავებული და ახლა ამბობენ, რომ კი ბატონო, თურმე მოხალისეები არ ყოფილა აუცილებელი და საუბრობენ თითქოს ეს არის გადამწყვეტი. სინამდვილეში ყველაფერი არის მარტივად, ხომ იქნება რეზოლუციები ამის იქითაც, კიდევ შემდეგ, ხომ იქნება სხვადასხვა პლატფორმები, სადაც საქართველო მხარს დაუჭერს უკრაინას და მერე რაღაც იტყვიან?“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

რაც შეეხება საერთაშორისო სამართლის ცალკეული სპეციალისტის განმარტებას, რომ გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს სარჩელი არა ცალკეული პირების, არამედ რუსეთის დასჯას ითვალისწინებს უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო, საქართველოს მიერ განაცხადზე არ მიერთება კი რუსეთის ფედერაციის დასჯის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ოპოზიციას ჰგონია, რომ ხელისუფლება ჰყავს „მიზანში ამოღებული“, მაგრამ სინამდვილეში ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს.

 

„ამ კონკრეტულ სასამართლოში, საერთაშორისო სასამართლოში საჩივართან დაკავშირებით საქართველოს მხარდაჭერა გამოცხადებული აქვს უკვე, ახლა საუბარი იყო შემდეგ ეტაპზე ან სხვა ფორმაზე, რაც გულისხმობს იმას, თუ რომელი ქვეყნები იყვნენ მზად, რომ ჩაერთონ როგორც მხარე, მესამე მხარე, თავად პროცესში, რაც გულისხმობს, რომ არის ჩვეულებრივი პროცესის მონაწილე საკუთარი ვალდებულებებით, რომელიც გააჩნია პროცესის წარმოებისთვის და ა.შ. თითქოს ისინი უტევენ საქართველოს ხელისუფლებას და სინამდვილეში ისინი აზიანებენ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს . „ტვიტერზე“ უცებ დაწერენ რაღაცას, მივა უცხოელი პარტნიორის ყურამდე და მერე, რა თქმა უნდა, მოდის ეს კითხვები, რომ რა მოხდა? სინამდვილეში რა იყო? აზიანებენ სახელმწიფოს, აი, ეს არის მთავარი პრობლემა ჩვენი პოლიტიკის. თითქოს ჰგონიათ, რომ საქართველოს ხელისუფლება ჰყავთ ამოღებული მიზანში, რაც თავის თავად პრობლემაა, რომ შენი ქვეყნის ხელისუფლება გყავს მიზანში ამოღებული და ამით აზიანებენ არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ აზიანებენ საქართველოს და მის რეპუტაციას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები