ეკონომიკა

ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 6,5%-იან ნიშნულზე ინარჩუნებს

27.10.16 16:45


საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვიტა უცვლელად შეინარჩუნოს რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-ზე, ნათქვამია სებ-ის ვებგვერდზე.

ბოლოს ეს განაკვეთი 2016 წლის 7 სექტემბერს შემცირდა 6,75%-იანი ნიშნულიდან 6,5%-მდე. სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პრესკონფერენციაზე მედიას განუმარტა ის ფაქტორები, რამაც განაპირობა კომიტეტის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება და აღნიშნა, რომ ეს სწორი და ეფექტური ნაბიჯია.

გვენეტაძემ ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების მიზეზებზეც ისაუბრა და ლარის კურსის ბოლოდროინდელ ცვლილებებზეც.

„შემიძლია გითხრათ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის კურსის ცვლილება, რა თქმა უნდა, სავაჭრო არხებით ასახვას ჰპოვებს ლარის/აშშ დოლარის კურსზე. თუმცა, თუ შევხედავთ მიმდინარე ანგარიშის ბოლო თვეების ტენდენციებს, დინამიკა გაუმჯობესებულია… ამ ტენდენციებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან ცვლილებას არ ველოდებით“, — აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

პრესკონფერენციაზე კობა გვენეტაძემ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების საკითხზეც ისაუბრა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოუწოდა, სათანადოდ დაიცვან კანონმდებლობის ის მოთხოვნები, რომლებიც ფულის გათეთრების აღკვეთას უზრუნველყოფს. „მინდა მოვუწოდო ფინანსურ ინსტიტუტებს, გაითავისონ თავიანთი როლი უკანონოდ მოპოვებული ან/და ტერორიზმის დაფინანსებისთვის განკუთვნილი ფულადი ნაკადების საფინანსო სისტემაში შეღწევის აღკვეთის პროცესში, სათანადოდ დაიცვან ფულის გათეთრების აღმკვეთი კანონმდებლობის მოთხოვნები“, — თქვა მან. გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, „განმარტებითი შეხვედრები“ გამართოს ფინანსურ ინსტიტუტებთან.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები