საზოგადოება

მოკლული გიგი შენგელიას მამა გამოძიებას ნდობას უცხადებს

27.10.16 19:00


წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე მოკლული 23 წლის გიგი შენგელიას მამამ რომან შენგელიამ გამოძიებას ნდობა მას შემდეგ გამოუცხადა, რაც მას საქმის მასალები გააცნეს.

გუშინ, რომან შენგელიამ „კრწანისის“ სამხედრო ბაზა და მისი მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა, სადაც ცხედარი იპოვეს. იმავე დღეს შენგელია სამხედრო პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, სადაც მას საქმის მასალები გააცნეს.

„დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ. მე საშუალება მომცეს დამეთვალიერებინა ის ადგილი, სადაც ჩემი შვილი მოკლეს და გარდა ამისა, გავცნობოდი საქმის მასალებს“, — განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში რომან შენგელიამ.

რომან შენგელიამ მანამდე განაცხადა, რომ საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვას გეგმავდა. საქმის ძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვას არ ეწინააღმდეგება გამოძიება. ადრე დაღუპულის მამამ ეჭვქვეშ დააყენა გამოძიების მტკიცებულება იმის შესახებ, რომ გიგი შენგელიას ცხედარი ბაზიდან 97 მეტრში იპოვეს. მისი სიტყვებით, ცხედარი ბაზიდან 20 მეტრში იყო. რომან შენგელიამ ასევე განაცხადა, რომ არ იცის თუ სად იმყოფება მისი მეორე შვილი — გიორგი შენგელია, რომელიც დაუდასტურებელი ინფორმაციით, იმ ღამეს ძმასთან ერთად იმყოფებოდა.

ამ ვერსიას მამა უარყოფს და განმარტავს, რომ მსგავსი მტკიცებულებების საფუძველი შეიძლება იყოს ის, რომ იმ დღეს გიორგის მობილური ტელეფონი გიგის ჰქონდა.

ამასთან ერთად, რომან შენგელიასთვის გაუგებარია მისი შვილის ცხედარი სამხედრო მოსამსახურეებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში რატომ იპოვეს და არა ცხელ კვალზე. ამის საპასუხოდ თავდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ ცენტრის ტერიტორიაზე უცხო პირების ყოფნის ალბათობა იყო. სწორედ ამიტომ ხელმძღვანელობამ პირველ რიგში ცენტრის შიდა პერიმეტრის და შემდეგ მისი შემოგარენის დათვალიერების გადაწყვეტილება მიიღო.

რაც შეეხება თავად ინციდენტს, გამოძიების თანახმად, 23 ოქტომბრის ღამეს, „კრწანისის“ ტერიტორიაზე სამმა ადამიანმა შეაღწია. ეს შენიშნა გუშაგმა, რომელმაც მათ ადგილის დატოვება მოსთხოვა, შემდეგ გახსნა ცეცხლი და ერთ-ერთი მოკლა. დანარჩენი ორი პიროვნება გაიქცა.

მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გუშაგი საწესდებო ნორმებით მოქმედებდა. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე მობილური ტელეფონის გარდა, გაზის პისტოლეტი, ფანარი და ავტომატ AK-74-ის 5 მასრა იპოვეს. მომხდარს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით "გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა", რაც თავისუფლების შეზღუდვით 5 წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე ვადით ისჯება.

"კრწანისის" ცენტრის ბაზაზე 2015 წლის აგვისტოში წვრთნებისა და შეფასებების ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი (JTEC) გაიხსნა. ამჟამად იქ შტაბის შენობის მშენებლობა მიმდინარეობს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები