პოლიტიკა

გრემში სააკაშვილის მხილების მუზეუმი გაიხსნა

27.10.16 19:25


ბიზნესმენმა ვალერი შოშიაშვილმა, რომელიც ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ხელისუფლების ზეწოლის მსხვერპლი გახდა, ყვარლის რაიონის სოფელ გრემში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივი ქმედებების მხილების მუზეუმი გახსნა.

როგორც შოშიაშვილმა Sputnik-ს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა 2012 წელს მას იძულებით აყიდინეს შენობა 1 მილიონ ლარად. ეს თანხა პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის იყო საჭირო. სწორედ ამ შენობაში განთავსდა მუზეუმი.

მუზეუმი განვითარდება — იქ შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ ფოტოების, არამედ ვიდეომასალების ნახვა „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულების შესახებ, განაცხადა ბიზნესმენმა. ამჟამად მუზეუმში დაახლოებით 30 ფოტოა წარმოდგენილი. რაც შეეხება თვითონ შენობას, შოშიაშვილის თქმით, იქ ყოფნა უსაფრთხო სულაც არაა; თუმცა ბიზნესმენი პირობას დებს, რომ მომავალში მუზეუმის დამთვალიერებლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის.

„ჩემმა ოჯახმა, ძალადობისა და ზეწოლის შედეგად, 1000-ლარიანი შენობა მილიონ ლარად შეიძინა. ამაში მონაწილეობდნენ როგორც მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ისე „საქართველოს ბანკი“. მათ ჩემი მოძრავი და უძრავი ქონება დააყადაღეს, შესაბამისად, ყვარლის გამგეობის ანგარიშზე შენობის თანხა „საქართველოს ბანკმა“ გადარიცხა. მე თვითონ აუქციონში მონაწილეობა არ მიმიღია“, — განაცხადა შოშიაშვილმა.

ბიზნესმენის თქმით, მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე თვის წინ შოშიაშვილის ოჯახი დაზარალებულად აღიარა.

2012 წლიდან ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა, ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები დააკავეს. ბრალდებები, ძირითადად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ეხება. სამი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგაც. საქართველოს ხელისუფლებამ ასევე შექმნა მთავარი პროკურატურის სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც ყოფილი სახელმწიფო მოხელეების სამართალდარღვევებს იძიებს და დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას უბრუნებს. სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს, ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოქმედების შემდეგ დატოვა. ამჟამად ის ოდესის ოლქის გუბერნატორია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები